ბექა ლილუშვილი: ყველაზე მოწყვლადი და მგრძნობიარე ჯგუფი ეკონომიკური კრიზისების მიმართ არიან ბავშვები და სწორედ ეს იყო ამ გადაწყვეტილების ფუნდამენტი
“ჩვენ არ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს, რომ კომპენსაციების, რომელიც უკავშირდება კოვიდს, მისი ბენეფიციარების რაოდენობა გაზარდოს”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
ანტიკრიზისული სოციალური მხარდაჭერის მე-3 ეტაპზე საუბრისას ბექა ლილუაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ყველაზე მოწყვლადი და მგრძნობიარე ჯგუფი ეკონომიკური კრიზისების მიმართ ბავშვები არიან.
„ჩვენ ვსაუბრობთ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რომელიც შეეხო, როგორც სოციალურად შეჭირვებულ ადამიანებს, ასევე გარკვეული საშუალო სოციალური ფენის წარმომადგენლებს. პირველ რიგში, აქ ვსაუბრობთ ბავშვებზე. ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი და მგრძნობიარე ეკონომიკური კრიზისების მიმართ არიან ბავშვები და სწორედ ეს იყო ფუნდამენტი ამ გადაწყვეტილების. რა თქმა უნდა, ისევე, როგორც კომუნალური გადასახადების სუბსიდირების ნაწილში, არის შესაძლებლობა იმისთვის, რომ ვისაც ამის საჭიროება არ გააჩნია, მან ეს დახმარება არ აიღოს”, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, რომ მთავრობამ, სოციალურად შეჭირვებული ოჯახებისთვის 100 000 სოციალური სარეიტინგო ქულის ქვემოთ მყოფი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, თითოეულ ბავშვზე 2019 წელს 5-ჯერ გაზარდა ეს დახმარება.
„ეს არის სისტემა და მეთოდოლოგია, რომლის შემუშავებაშიც ,სრულიად, თავიდან ბოლომდე ჩართული იყო მსოფლიო ბანკი და სხვადასხვა საერთაშორისო ექსპერტი. შესაბამისად, ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, სოციალური დაცვის სისტემა, როგორც მთლიანი სისტემა, საჭიროებს კიდევ უფრო განვითარებას და ეს არ არის სტატიკური პროცესი. ბუნებრივია, მუდმივად საჭიროა, სოციალური კონიუნქტურის ცვლილებასთან ერთად, ამ სისტემის გადახედვა. თუმცა დღეს, ჩვენ, როგორც იცით, გამოცხადებული გვაქვს მორატორიუმი სოციალური დაცვის სისტემიდან გასვლაზე. ჩვენ, მიუხედავად იმისა, ადამიანს შემოსავალი დაუფიქსირდება თუ არა, არ გადის ამ სისტემიდან და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სისტემის მოცვა გავზარდოთ და ბოლო სამი თვლის განმავლობაში, დაახლოებით, 30 000 ადამიანი მოხვდა ამ სისტემაში და შესაბამისად მიიღო წვდომა ყველა იმ სარგებელზე, რასაც მას სახელმწიფო სთავაზობს”, – აღნიშნა პრემიერის მრჩეველმა.