ვაჟა სირაძემ და გაერო-ს განვითარების პროგრამების წარმომადგენლებმა საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის განვითარების კონცეფციაზე ისაუბრეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის განვითარების კონცეფციაზე ისაუბრეს.

„ღონისძიება პროექტის – „შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი მომსახურების ცენტრის ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერა გაუმჯობესებული საჯარო მომსახურების მიწოდების მიზნით“ ფარგლებში გაიმართა.

პროექტი მიზნად ისახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრის ორგანიზაციული შესაძლებლობების მხარდაჭერას შესაძლებლობების განვითარების მიზნით განხორციელებული ზომებით, რომლებიც მიმართულია მომხმარებელზე ორიენტირებული საჯარო სერვისების ეფექტიან და ინკლუზიურ მიწოდებასა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის აღნიშნულ მომსახურებაზე გაზრდილ წვდომაზე.

UNDP-ის მხარდაჭერით, ცენტრის თანამშრომლებს ჩაუტარდებათ გადამზადების კურსები მომხმარებელთან ურთიერთობის, ემოციების მართვისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებზე მორგებული სერვისების მიწოდების საკითხებზე. გარდა ამისა, UNDP-ის დახმარებით, ერთიანი მომსახურების ცენტრი, ასევე, დანერგავს საჯარო სექტორის ხარისხის მართვის საერთაშორისო მექანიზმს – შეფასების ერთიან სისტემას (CAF), რომელსაც ევროკავშირის ქვეყნებში 4500-მდე საჯარო უწყება წარმატებით იყენებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარება გაერო-ს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის 6 მილიონი აშშ დოლარის (4.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი) ღირებულების პროექტის ნაწილია, რომელიც საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობას ემსახურება და რეფორმის სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: პოლიტიკის შემუშავება და კოორდინაცია, ადამიანური რესურსების მართვა და საჯარო სამსახურის რეფორმა, ასევე, სახელმწიფო სერვისების მიწოდება.

აღნიშნული პროექტი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2020 წლიდან ხორციელდება“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები