ნინო წილოსანი: ჩვენ ვართ დიდი ეკო ოჯახის წევრი ქვეყანა, რომელიც ეკოლოგიის ყველა მიმართულებით უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს დგამს
„ჩვენ ვართ დიდი ეკო ოჯახის წევრი ქვეყანა, რომელიც ეკოლოგიის ყველა მიმართულებით დგამს უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს – უმნიშვნელოვანესია, როდესაც შეზღუდული რესურსების პირობებში მსოფლიოს და, მათ შორის, ჩვენც გვიწევს ჩვენი რესურსების მინიმალურად გამოყენება”, – ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა პარლამენტში „მწვანე სივრცის” პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ნინო წილოსანის თქმით, „მწვანე სივრცე”, რომელიც პარლამენტში პარლამენტის თავმჯდომარის მხარდაჭერითა და კომიტეტის ინიციატივით გაიხსნა, მოიცავს კონცეფციას ეკოლოგიის მიმართულებით ცნობიერების ამაღლების კუთხით.
„ჩვენ გავხსენით მწვანე სივრცე, რომელიც იყო კომიტეტის ინიციატივით და მხარდაჭერილი პარლამენტის თავმჯდომარის მიერ. მწვანე სივრცე თავის თავში მოიცავს კონცეფციას ეკოლოგიის, კულტურის ამაღლების და ცნობიერების გაზრდის. ამ სივრცეში გვექნება საინფორმაციო კუთხე, სადაც ყველა ის კანონმდებლობა, რომელიც გარემოს, ბუნების დაცვასა და ეკოლოგიას უკავშირდება, იქნება საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი. ასევე, თვითონ კუთხე და სივრცე მოეწყო ეკოლოგიის პრიორიტეტებითა და მიმართულებებით, რაც ნიშნავს – გადაამუშავე, ნაკლები მოიხმარე და მეორადი მოხმარების საგნები გამოიყენე”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
დღესვე, „მწვანე სივრცის” გახსნამდე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა საზოგადოებას კომიტეტის საქმიანობის 2020 წლის ანგარიში წარუდგინა და ყველა ის მნიშნელოვანი კანონი და ინიციატივა გააცნო, რაზეც კომიტეტმა მიმდინარე წლის განმავლობაში იმუშავა.