თეა წულუკიანი: საქართველოს პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებებში არის დამოუკიდებელი და არავის ექვემდებარება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს გიორგი რურუას შეწყალებაზე უარის თქმის თვალსაზრისით, საკმაოდ პრინციპული ტონი და პოზიცია ჰქონდა.

მინისტრის თქმით, პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ თვალშისაცემ საკონსტიტუციო რეალობას, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებებში არის დამოუკიდებელი.

„გუშინ ჩვენ მოვუსმინეთ საქართველოს პრეზიდენტს. მას ჰქონდა თავის განცხადებაში საკმაოდ პრინციპული ტონი და პოზიცია. ეს არის მისი გადაწყვეტილება. მინდა, ხაზი გავუსვა იმ თვალშისაცემ საკონსტიტუციო რეალობას, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებებში, რაც შეეხება შეწყალებას, ნებისმიერ სხვა პოზიციას, თუ გადაწყვეტილებას, არის დამოუკიდებელი და არ ექვემდებარება არავის. აქედან გამომდინარე, მე ვერ წარმომიდგენია, რა კომენტარი შეიძლება გავაკეთო მის განცხადებაზე, თუ არა ის, რომ მოვისმინეთ, გავიგეთ და ვიცით“, – განაცხადა წულუკიანმა.

სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალებაზე უარი თქვა. მისი თქმით, „ამ პიროვნებას არ შევიწყალებ. ჩემზე კიდევ უფრო კარგად ქართულმა საზოგადოებამ იცის ყველაფერი მის შესახებ და იცის, რატომ არ მივიღებ შეწყალების გადაწყვეტილებას. ასევე, ისიც იცის, რომ ჩემ გადაწყვეტილებაზე ვერავინ და ვერაფერი მოახდენს გავლენას“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები