მიხეილ ჩხენკელი: საქართველოში პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონია უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა
საქართველოში პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონია უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გალა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე განაცხადა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ის ელჩი საქართველოში – კელი დეგნანი, ისრაელის ელჩი საქართველოში – რან გიდორი და სხვა მოწვეული სტუმრები.
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები ოთხ ნომინაციაში გამოვლინდნენ: 2019 წლის პროფესიული განათლების სტუდენტი, 2019 წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი, 2019 წლის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, 2019 წლის პროფესიული განათლების ბიზნესპარტნიორი. გამაჯვებულებს შესაბამისი პრიზები საზეიმოდ გადაეცათ.
მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს მფლობელებს გამარჯვება მიულოცა.
„მოხარული ვარ, რომ დღეს ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას ვესწრები. მოგეხსენებათ, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საფუძველს ადამიანური კაპიტალის განვითარება წარმოადგენს. ეს კი, თავის მხრივ, მხოლოდ ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფით მიიღწევა. ადამიანური კაპიტალის განვითარება, ქვეყნის რეგიონული განვითარების პერსპექტივები და ეკონომიკური ზრდა დიდწილად დაკავშირებულია პროფესიული განათლების სფეროში განხორციელებულ პროგრესთან.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ამერიკის მთავრობას საქართველოში განათლების სისტემის მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებული მადლობა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდს“, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა საქართველოში პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარებასა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში.
ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყოა, რომ საქართველოში პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონია ყოველწლიურ ტრადიციად ჩამოყალიბდა. ცერემონია საშუალებას გვაძლევს, საზოგადოებას დავანახოთ პროფესიული განათლების უპირატესობები, აღვნიშნოთ მიღწევები, შევაფასოთ გამოწვევები და ვიფიქროთ სამომავლო ნაბიჯებზე.
მინდა, მთელი გულით მოგილოცოთ წლევანდელ გამარჯვებულებს. თქვენი საქმიანობა, ჩართულობა და მიღწევები მართლაც დასაფასებელია. დარწმუნებული ვარ, ეს ჯილდო თქვენთვის წარმატების მომტანი იქნება სამომავლოდ და კიდევ უფრო შეუწყობს ხელს პროფესიული განათლების პოპულარიზაციას”, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს (National TVET Award) კონკურსი 2017 წლიდან ტარდება „ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა“ და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის ხელშეწყობით. კონკურსის მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა.
ბოლო 4 წლის განმავლობაში კონკურსი ავლენს და აჯილდოებს იმ წარმატებულ ორგანიზაციებსა თუ ცალკეულ პირებს, რომლებიც ჩართულნი არიან პროფესიულ განათლებაში, მათ შორის, საუკეთესო სტუდენტს, საუკეთესო პედაგოგს, საუკეთესო პროფესიულ დაწესებულებასა და საუკეთესო ბიზნეს პარტნიორს. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადაეცემათ.