რატომ არ დაეხმარნენ საკუთარ ქვეყანას რუსი მილიარდერები პანდემიის დროს

რუსეთში ბოლო 24 საათში  ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 5 509 შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებულთა მთლიანმა რაოდენობამ 834 499-ს მიაღწია, ხოლო დაღუპულთა რაოდენობა 13 802-მდე გაიზარდა.

დამოუკიდებელი რუსული მედია და ექსპერტები ჯერ კიდევ ივნისში ვარაუდობდნენ, რომ რუსეთში ეპიდემიური სიტუაცია ვერ გაუმჯობესდებოდა, ვინაიდან საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საყოველთაო რეფერენდუმი ადამიანების დიდ შეკრებებთან იყო დაკავშირებული. მასობრივი ხმის მიცემის პროცესი გარდაუვალი იყო და ეპიდსიტუაციის განმუხტვას ნამდვილად არ ემსახურებოდა. ემსახურებოდა მხოლოდ ერთ რამეს და ეს ერთი რამ მოხდა კიდეც – ვლადიმერ პუტინმა 1-ელ ივლისს რუსეთის მოქალაქეები საარჩევნო ოლქებში საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცებლად მიიყვანა. როგორც ოფიციალური მონაცემებიდან არის ცნობილი, რუსეთის კონსტიტუციის ცვლილებებს მოქალაქეების 70%-მა დაუჭირა მხარი. გარდა სხვადასხვა მნიშვნელოვანი განახლებისა, ძალაში შევიდა ის ცვლილებაც, რომლის მიხედვით ვლადიმერ პუტინს 2036 წლამდე პრეზიდენტად კენჭისყრის უფლება დაუმტკიცდა.

გასაგებია, როგორც მოიქცა რუსეთის ხელისუფლება. მეორე მხრივ კი განხილვის თემაა, თუ როგორ გამოიჩინა თავი კრემლთან დაახლოებულმა რუსულმა ბიზნესელიტამ. როგორც ვიცით,  მსოფლიოს ბიზნესელიტა უდიდეს ძალისხმევასა და ფინანსებს დებს “კოვიდ-19”-თან ბრძოლაში და მილიონობით დოლარს რიცხავს როგორც მსოფლიო, ასევე, საკუთარი ქვეყნების ფონდებში. გვახსოვს, ამ საქმეში ქველმოქმედების სახით ქართული ბიზნესის წარმომადგენლებიც ჩაერთნენ. ამავე დროს, ირკვევა, რომ ის რუსი მილიარდერები, რომლებიც „ფორბსის“ სიაში არიან და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მუდამ ხვდებიან, პანდემიის დაწყებისას, პირველ ყოვლისა,  საკუთარი ოჯახებისთვის ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის აპარატების ყიდვა დაიწყეს. როგორც რუსულ მედიაში წერენ: „ეს ადამიანები ღმერთის მოტყუებას შეეცადნენ, დაიჯერეს, რომ უკვდავები არიან და სიცოცხლის ყიდვა ისევე შეუძლიათ, როგორც  – ბუტიკში სამოსის. უფრო მეტიც, უმსხვილესი მეწარმეები და სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვნელები არაფრით  დაეხმარნენ საზოგადოებას ისტორიის ერთერთ ყველაზე ცუდ პერიოდში. მათმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ გაიღო კაპიკიც კი კორონავირუსთან ბრძოლისთვის. სრულ „თვითიზოლაციაში“ წავიდნენ, დაიმალნენ სასახლეებში რუბლიოვკაზე, სეიშელის, კარიბისა და მალდივის კუნძულებზე მაშინ, როცა უბრალო მოკვდავებს სამედიცინო ნიღბების ყიდვა არ შეგვიძლია აფთიაქებში“.
თუმცა, ზოგმა მათგანმა გარკვეული ფინანსური ხარჯი გაიღო და შექმნა შთაბეჭდილება, რომ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლე  ძალიან ადარდებს. რუსული „ფორბსის“ სიის პირველ ნომრად დასახელებულმა ძმებმა როტენბერგებმა ბოტკინის საავადმყოფოს, დაახლოებით, 600 ათასი დოლარი გადაურიცხეს. პუტინთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა ძმებმა ეს ფული რუსეთის იმ ერთერთ ყველაზე  ცნობილ კლინიკას ჩაურიცხეს, რომელიც ნახევრად დანგრეულ მდგომარეობაშია და ინფიცირებულებს მაინც იღებდა.

რუსულ მედიაში წერენ, რომ, შედარებისთვის, ერთ დღე-ღამეში ყაზახეთში იქაურმა ბიზნესმენებმა ეროვნული დახმარების ფონდში 41 მილიონი დოლარი გადარიცხეს.

„ფორბსის“ რუსული რეიტინგის 12 ფიგურანტიდან ოთხი იმ რეგიონებს დაეხმარა, რომლებშიც კომპანიები აქვს. სამმა იმ კომპანიას გადაურიცხეს ექსპრეს-ტესტების შესასყიდად თანხები, რომელიც როტენბერგების ოჯახთან არის დაკავშირებული. ასევე, რამდენიმე რუსმა მილიარდერმა რატომღაც უცხოელი ექიმების დახმარება არჩია – ალბათ, იმავე მოტივით, რა მოტივითაც ვლადიმერ პუტინმა იტალიაში სამხედრო ექიმები და დეზინფექტორები მაშინ გაგზავნა, როდესაც რუსეთში საკუთარი ხალხი ჰყავდა დასახმარებელი. РУСАЛ-ის მფლობელმა, მილიარდერმა ოლეგ დერიპასკამ ირკუტსკში 3 კლინიკის აშენება წამოიწყო – 160 ადამიანზე გათვლილი და 3 რეანიმობილი იყიდა. დერიპასკას კომპანია РУСАЛ-ი ალუმინის წარმოების მსოფლიო ბაზარზე ერთერთი ყველაზე მსხვილი მოთამაშეა. უშუალოდ ოლეგ დერიპასკას ქონება 1,8 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. აღსანიშნავია, რომ ეს ბიზნესმენი მსოფლიო ასპარეზზე არასუფთა თამაშშია შემჩნეული – რა თქმა უნდა, კრემლის დავალებით. როგორც ევროპული პრესა წერდა, 2016 წელს მან დიდი ფული დახარჯა მონტენეგროში სახელმწიფო გადატრიალების დაფინანსებაში. თუმცა, ეს ფული მართლაც წყალში ჩაეყარა. პუტჩი ჩავარდა, მონტენეგროს პრემიერმინისტრი ლიკვიდაციას გადაურჩა, ხოლო, რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ეს პატარა მთიანი რესპუბლიკა ნატო-ს ახალ წევრად მაინც მიიღეს.

ძალიან აღშფოთდნენ რუსები მაშინაც, როცა ჯგუფ USM-ს მფლობელმა, ალიშერ უსმანოვმა საჯაროდ აღიარა, რომ კორონავირუსის ძალიან ეშინია და მშობლიურ უზბეკეთში გადაიმალა. სწორედ უზბეკეთს შესწირა მან 20 მილიარდი დოლარი ეპიდემიასთან ბრძოლისთვის, ხოლო რუსეთში – იქ, სადაც მისი მილიონიანი ბიზნესებია, მას ფული ქველმოქმედებაზე დასახარჯად დაენანა.

ამგვარად, როგორც ჩანს,  რუსეთის ფედერაციაში ხელისუფლებაც და ბიზნესიც ერთი გზით მიდის – ჰგონიათ, რომ უკვდავები არიან და ღმერთის მოტყუება სურთ. თუმცა, ასე ხომ კომუნისტებსაც ეგონათ, მაგრამ 2036 წლამდე ვერ მიაღწიეს…

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები