ითხვისის მაღაროს დირექტორი: სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მერაბ მუმლაძე ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა

„ჯორჯიან მანგანეზის“ საკუთრებაში არსებული მაღაროს, „GM-ითხვისის“ დირექტორი, ირაკლი კობერიძე თავისი თანამშრომლის, მერაბ მუმლაძის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება. მისი თქმით, ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ გასული სიუჟეტი სიცრუის ტირაჟირებას ემსახურება და მას სიმართლესთან კავშირი არ აქვს.
„მერაბ მუმლაძე ჩემი თანამშრომელი იყო, ჩვენ ერთ მაღაროში ვმუშაობდით და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ის არც წნევით გარდაცვლილა და არც – უჰაერობით, ადამიანი გულის შეტევით გარდაიცვალა. ასეთი შემთხვევები ჩვენ გარშემო, სამწუხაროდ, ხდება. გულით ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს.
„მთავარმა არხმა“ ამ სიუჟეტში აბსოლუტური ტყუილები თქვა. მუმლაძის მეუღლემაც დაუდასტურა, რომ ჩვენი თანამშრომელი ბუნებრივი სიკვდილის მსხვერპლია…მერე ჩუმად სდიეს ჩვენს თანამშრომლებს და ერთი კაციც კი ვერ იპოვეს, ვინც მათ ტყუილს გაამყარებდა. ასეთ უსინდისო ტყუილებს რატომ ამბობენ?
ჟურნალისტი რომ არაპროფესიონალია, იქედანაც ჩანს, რომ გარდაცვლილს ხან “მამულაშვილი” ეძახეს, ხან – “მუმლაძე”.
„ჯორჯიან მანგანეზი“ ერთი დიდი ოჯახია და ჩვენ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ! შეეშვით კომპანიაზე სიყალბეების გავრცელებასა და ადამიანების ტრაგედიის პოლიტიკისთვის გამოყენებას. ძალიან სირცხვილია ეს!“, – წერს ირაკლი კობერიძე.
შეგახსენებთ, რომ 23 ივლისს ითხვისის მაღაროს ტერიტორიაზე „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომელი, მებიგე მერაბ მუმლაძე გარდაიცვალა. მერაბ მუმლაძის გარდაცვალების ფაქტზე სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა 10 დღეში გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები