ირაკლი ქარსელაძე: ალტერნატიული გზით სტიქიის ზონაში რამდენიმე სოფელთან მისასვლელი გაიხსნება

“ალტერნატიული გზით სტიქიის ზონაში რამდენიმე სოფელთან მისასვლელი გაიხსნება”, – ამის შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

რაჭაში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, ირაკლი ქარსელაძე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე – გიორგი წერეთელი სტიქიის ზონაში საჭირო სამუშაოებს ადგილზე უძღვებიან.

“სტიქიის მასშტაბი ძალიან დიდია, ხაზობრივად არის განვითარებული, რაც კიდევ უფრო ართულებს ვითარებას, თუმცა, მიუხედავად ამ გამოწვევებისა, დილის 5 საათის შემდეგ უკვე შევძელით და 118-ე კილომეტრზე მოწყობილია შემოვლითი გზა. შესაბამისი ტექნიკა- 12 ერთეული უკვე მობილიზებულია. ყველაზე კრიტიკული ორი მონაკვეთია, სადაც ამჟამად ასევე შემოვლითი გზა ეწყობა. ჩაწყვეტილია, დაახლოებით, 250 მეტრი გზა და ამ წერტილებში მდინარე ძალიან აგრესიულია“, -განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მისი ინფორმაციით, ალტერნატიული გზის საშუალებით რამდენიმე სოფელთან მისასვლელი გზის გახსნა იქნება შესაძლებელი.

„ამ დროისთვის, იდენტიფიცირებულია 12 ლოკაცია, სადაც ეწყობა დროებითი სახიდე გადასასვლელები ან შემოვლითი გზები, რომელიც საშუალებას მოგვცემს, დანარჩენ ლოკაციებზე ტექნიკა გადავიყვანოთ. სწორედ ის ადგილი, სადაც ახლა ტექნიკაა შესული და ალტერნატიული გზა გაყავთ, მოგვცემს შესაძლებლობას, რომ რამდენიმე სოფელს მისასვლელი გზა გავუხსნათ”, – აღნიშნა ქარსელაძემ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები: საპროექტო ჯგუფი, მეგზევეები და მეხიდეები სტიიქიის ზონაში არიან მობილიზებულები. ისინი პირველად ინფორმაციაზე დაყრდნობით მუშაობენ როგორც საპროექტო გადაწყვეტილებებზე, ისე – შემდგომი პრევენციის გეგმაზე.

სპეციალისტები ასევე ადგილზე უწევენ კოორდინაციას სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტუქტურის აღდგენით სამუშაოებსა და სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის აუცილებელ ღონისძიებებს, რათა უმოკლეს ვადებში აუცილებელი სამუშაოები და აღდგეს დაზიანებული ინფრასტრუქტურა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები