პროკურატურაში ანალიტიკური ელექტრონული მოდულის პრეზენტაცია გაიმართა – “რაიონულ პროკურორს ექნება წვდომა ინფორმაციაზე, რომელიც თითოეული თქვენგანისთვის მნიშვნელოვანია”

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ანალიტიკური ელექტრონული მოდულის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს გენერალური პროკურორი – ირაკლი შოთაძე, გენერალური პროკურორის მოადგილეები და რაიონული პროკურორები ესწრებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული სისტემა პროკურატურის ლოკალურ ქსელზე არსებული პროგრამული უზრუნველყოფის ნაწილია და ციფრული ტრანსფორმაციის სტრატეგიის ფარგლებში შემუშავდა.

„ანალიტიკური პროგრამული სისტემის ერთერთ ინოვაციურ მიგნებას თანამშრომელთა დატვირთვის მონიტორინგის ავტომატიზაცია წარმოადგენს. ხსენებული მექანიზმი პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლის მიერ თითოეული სამართლებრივი დოკუმენტის შექმნისა და მასზე ხელმოწერის ფაქტს ზედმიწევნითი სიზუსტით აღრიცხავს, რის შემდეგაც, შესაბამისი ალგორითმებისა და პროგრამული ხელსაწყოების მეშვეობით ადგენს თანამშრომელთა დატვირთულობის ხარისხს, ასევე, განსაზღვრავს დატვირთვის საშუალო ნიშნულს მომხმარებლისათვის საინტერესო საანგარიშო პერიოდთან მიმართებით და ახდენს სტრუქტურულ დანაყოფებს შორის საშტატო ერთეულების ოპტიმალურ გადანაწილების მოდელირებას.

ელექტრონული მოდულის ერთერთ კატეგორიაში განთავსებულია ინფორმაცია ანალიზების, სახელმძღვანელოების, რეკომენდაციებისა და კვლევების შესახებ, სადაც პროკურატურის თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ, განახორციელონ უკუკავშირი, კერძოდ, გაეცნონ, შეაფასონ და დააკომენტარონ უკვე არსებული კვლევითი შედეგები და, სურვილის შემთხვევაში, ანალიტიკურ გუნდს შესთავაზონ საკუთრი ინიციატივა, თუ რის შესახებ ისურვებდნენ კვლევის ჩატარებას.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ანალიტიკური პროგრამული სისტემით განხორციელდება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის შედეგებთან დაკავშირებული მონაცემების აღრიცხვა და მათზე მონიტორინგის სისტემის სრული ავტომატიზაცია. აღნიშნული მექანიზმი, ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერებასთან ერთად, რუტინული საქმიანობიდან ადამიანური რესურსების გამოთავისუფლებასა და მათი თანამედროვე ტექნოლოგიებით ჩანაცვლების მიზანს ემსახურება“, – აღნუშნულია ინფორმაციაში.

როგორც გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, ანალიტიკური მოდულის დანერგვა შესაძლებლობას იძლევა, პროკურორებს შორის საქმეები თანაბრად გადანაწილდეს და გაიზარდოს თანამშრომლების ეფექტიანობა.

„ანალიტიკური მოდულისა და ამ შესაძლებლობის მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ თითოეულ რაიონულ პროკურორს გექნებათ შესაძლებლობა და წვდომა იმ ინფორმაციაზე, რომელიც ვფიქრობ, თითოეული თქვენგანისთვის მნიშვნელოვანია, რათა მაქსიმალურად გაზარდოთ თქვენს დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების ეფექტიანობა და ასევე დაგეგმოთ მომავალი პრიორიტეტული მიმართულებები და თანაბრად გადაანაწილოთ საქმეები თქვენს თანამშრომლებს შორის, რასაც ეფექტიანობის გაზრდა, ხარისხის ამაღლება და პროკურორების საქმიანობის გაუმჯობესება მოჰყვება“, – განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

გენერალური პროკურორის მოადგილის, ნათია მერებაშვილის თქმით, ინოვაციური პროექტების განხორციელება სისტემის შიგნით ძალიან მნიშვნელოვანია. აღნიშნული მოდულის გარდა, დაწყებულია სხვა პროექტებიც, რომელთა მიზანიც ადამიანური რესურსების მაქსიმალურად დაზოგვითა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაყრდნობით პროკურატურაში კვლევითი საქმიანობის განხორციელებაა, რაც სისხლის სამართლის პოლიტიკის დასაგეგმად საჭირო მიმართულებებს, თანამშრომელთა საქმიანობის შეფასებას განსაზღვრავს და მუშაობის ხარისხს აამაღლებს.

„დავნერგეთ ახალი ელექტრონული პროდუქტი – პროკურორების, გამომძიებლებისა და კოორდინატორების დატვირთვის ელექტრონული მოდული. ეს მოდული საშუალებას გვაძლევს, ძალიან მარტივად მივიღოთ ზუსტი და მრავალმხრივი მონაცემები თანამშრომელთა საქმიანობის შესახებ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ მათი თანაბარი დატვირთულობა, განვახორციელოთ ეფექტიანი და სწორი მენეჯმენტი, სწორი საკადრო პოლიტიკა, რაც, თავის მხრივ, აამაღლებს თანამშრომლების მოტივაციას“, – აღნიშნა ნათია მერებაშვილმა.

ანალიტიკურ მოდულს ახლო მომავალში დაემატება ინოვაციური მიმართულება – „სოციოლოგიური არქივი“, რომლის დანერგვაც ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის დახმარებით ხორციელდება. აღნიშნული ბლოკი, მომხმარებელზე ორიენტირებული ვიზუალიზაციითა და საკვლევი ცვლადების მოქნილი საძიებო სისტემით, ასახავს ინფორმაციას პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებული ადგილობრივი და საერთაშორისო ფორმატის სოციოლოგიური კვლევების თაობაზე. „სოციოლოგიური არქივი“ ასევე შეიცავს ანალიტიკას ჩატარებული კვლევის მეთოდოლოგიისა და შედეგების შესახებ.

ანალიტიკური მოდული, რომელიც პროკურატურის სტრუქტურულ ერთეულებში დაინერგა, ორგანიზაციის საქმიანობაში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებასა და ციფრულ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებული რეფორმის ნაწილია და მისი შემდგომი ოპტიმიზაცია პროგრამის უკვე არსებულ ინსტრუმენტებთან ერთად BI (business intelligence) ფუნქციონალური შესაძლებლობების ინტეგრაციით იგეგმება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები