სოზარ სუბარი: რაჭაში სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდებისა და გზის ჩაწყვეტილი მონაკვეთების აღდგენა დღეს დაიწყება
“რაჭაში სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდებისა და გზის ჩაწყვეტილი მონაკვეთების აღდგენა დღეს დაიწყება”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისივე თქმით, ადგილზე ტექნიკის მობილიზება ხდება.
“პირველ ყოვლისა, ჩვენ დავათვალიერეთ სტიქიის ზონა და ახლა უკვე მივდივართ, რომ იქ ჩარჩენილი მოსახლეობის ნაწილი გამოვიყვანოთ. უმრავლესობას, რა თქმა უნდა, წამოსვლა არ სჭირდება იმიტომ, რომ გზა მალე აღდგება. პრაქტიკულად, დღეს უკვე დაიწყება როგორც ხიდების, ისე – გზის ჩაწყვეტილი მონაკვეთების ან ზოგან შემოვლითი გზების აღდგენა. ამაზე ინფრასტრუქტურის სამუშაო უკვე მუშაობს. ტექნიკის მობილიზებაც ხდება. არიან ადამიანებიც, რომელთა გამოყვანის საჭიროებაც დგას. შემოვიდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე ადამიანს წამლების საჭიროება აქვს, ახლა ველოდებით წამლების მოწოდებას და მათ ჩავიტანთ”, – აღნიშნა სუბარმა.
საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას დავალებით, რაჭაში სტიქიის გამო, პრემიერმინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში – სოზარ სუბარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები – ირაკლი ქარსელაძე და ილია ბეგიაშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი – გიგა მანდარია და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმღვანელი – თემურ მღებრიშვილი, მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან ერთად, სტიქიის ზონაში გაემგზავრნენ. მთავრობის მეთაურის დავალებით, ისინი ადგილზე გაეცნობიან არსებულ სიტუაციას, რათა უმოკლეს ვადებში იყოს მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები მოსახლეობის დასახმარებლად. ძლიერი წვიმის შედეგად, ონის მუნიციპალიტეტის 12 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი, ადიდებულმა რიონმა ხიდები წაიღო, დაზიანდა საავტომობილო გზა, შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.