ადვოკატი: ირაკლი წაქაძემ იგულისხმა, რომ იძულებული იყო, ჩხუბში ჩართულიყო, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რას მოქმედებდა, ამას ვერ დავარქმევდი აღიარებას
“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა თქვა, რომ ის იძულებული გახდა, ჩხუბში ჩართულიყო. ის იძულებული გახადა გარემოებამ, რაც წინ უძღვოდა კონფლიქტს”, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული პირის, ირაკლი წაქაძის ადვოკატმა, პაატა გაბელიამ განაცხადა.
ადვოკატის შეფასებით, წაქაძე კონფლიქტის მონაწილეების განრიდებას ცდილობდა.
„ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა იგულისხმა ის, რომ იძულებული იყო ჩართულიყო პირველ ეპიზოდში – ჩხუბში, მაგრამ მას არ დაუკონკრეტებია, თუ რას მოქმედებდა. ასე რომ, ამას ვერ დავარქმევდი აღიარებას. რატომღაც, გამოძიება და ბრალდების მხარე ამას არც თანამშრომლობად, არც რაიმე სახის აღიარებად არ მიიჩნევს, არადა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა თქვა, რომ ის იძულებული გახდა, ჩხუბში ჩართულიყო. ის იძულებული გახადა გარემოებამ, რაც წინ უძღვოდა კონფლიქტს. საუბარია კიბის ეპიზოდზე, მაგრამ შეფასება ისე აქვს მიცემული, თითქოს, ის რაღაცას ურტყამს, არადა, ის არავის არაფერს არ ურტყამდა.
წაქაძე განარიდებდა თავის მეგობრებს, თავის გარემოცვას. ის ადასტურებს, რომ იძულებული გახდა, ამ კონფლიქტში თუნდაც იმ სახით მიეღო მონაწილეობა, რა სახითაც მიიღო. ჩემი შეფასებით ვამბობ, რომ ის კონფლიქტში მონაწილეობდა თუნდაც განრიდების მიზნით, თქვენ შეიძლება, იგულისხმოთ, რომ ამ განრიდებით მან ხელი მოიქნია და ამ დროს შეიძლება ვიღაცაზე იძალადა, ეს შეფასების ნაწილია. ბავშვი გულახდილად საუბრობს, ის თავს არ იძვრენს პასუხისმგებლობისგან“, – განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11-ის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. მოსამართლემ 11-ვე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. სასამართლო პროცესზე ბრალდებულებმა სიტყვით ისარგებლეს. 11 პირიდან ბრალს 10 არ აღიარებს. ერთერთმა ბრალდებულმა, ირაკლი წაქაძემ კი განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალს ნაწილობრივ ეთანხმება.