წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ბრალი წარუდგინეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესა და საკრებულოს აპარატის თანამშრომელს, რომლებიც 25 ივლისს, საოკუპაციო საზღვართან განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე დააკავეს, ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

თემურ ღვინჯილიას და მათე ღვინჯილიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან რვა წლამდე ვადით ითვალისწინებს. აღმკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

საკრებულოს თავმჯდომარის უფლებადამცველის ინფორმაციით, თემურ ღვინჯილია ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს, ხოლო მეორე მასთან ერთად დაკავებული მათე ღვინჯილია ბრალს ნაწილობრივ აღიარებს.

ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი საკრებულოს თავმჯდომარე არ იყო ინფორმირებული, რომ მის სამსახურეობრივ მანქანაში დიდი რაოდენობით უაქციზო სიგარეტი იყო და მან ამის შესახებ მას შემდეგ გაიგო, როცა სამრათალდამცავებმა დააკავეს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკებულოს თავმჯდომარის სამსახურეობრივ მანქანაში, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 8 310 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 34 000 ლარს აღემატება

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები