ლაშა გოგიაშვილის ინიციატივით, თერჯოლის ახალგაზრდულ სკვერში პოეზიისა და ლიტერატურის მოყვარულთათვის კუთხე მოეწყო

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ლაშა გოგიაშვილის ინიციატივით, ახალგაზრდულ სკვერში პოეზიისა და ლიტერატურის მოყვარულთათვის კუთხე მოეწყო. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლაშა გოგიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძემ სკვერის განახლებული კუთხე დაათვალიერეს, პოეზიის მოყვარულებსა და ანსამბლ “მასპინძელოს” წევრებს მოუსმინეს.

“საბედნიეროდ, თერჯოლაში მრავლად არიან ხელოვნებისა და კულტურის მოყვარულები. აქ ყველას შეეძლება, საყვარელი ლექსი თუ საკუთარი შემოქმედება გააცნოს თანამოაზრეებს. სკვერი დასრულებულ სახეს უახლოეს მომავალში მიიღებს. დამონტაჟდება დიდი მონიტორი, WI-FI, დაიდგმება ძელსკამები. ვიმედოვნებთ, რომ განახლებული სკვერი საყვარელი დასასვენებელი ადგილი გახდება და დროის საინტერესოდ გატარებაში დაეხმარება მოსახლეობას, განსაკუთრებით კი – ახალგაზრდებს”, – განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.

სკვერის მოწყობის სამუშაოები მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურისა და ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მუნიციპალური ცენტრის ჩართულობით მიმდინარეობს. პოეზიის სიმბოლო – ლირა, სკვერისათვის საჩუქრად თერჯოლის მკვიდრმა, ტარიელ ბოჭორიშვილმა გადასცა.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული, შემეცნებითი და სპორტული ღონისძიება, რომელიც მთავრობის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების ზუსტი დაცვით, ღია სივრცეში ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები