პეტერ ფიშერი: მალე ჩვენს ვებსაიტს ექნება ახალი დიზაინი და გონივრულ ვადაში დაინახავთ საქართველოს შესახებ ცვლილებებს, ასე ბუნდოვნად იმიტომ ვამბობ, რომ საელჩო და მე – ელჩი არ ვმართავთ ვებსაიტს
“მალე ჩვენს ვებსაიტს ექნება ახალი დიზაინი და გონივრულ ვადაში დაინახავთ საქართველოს შესახებ ცვლილებებს”, – ასე უპასუხა გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა, “რადიო თავისუფლების” კითხვას იმის შესახებ, თუ “რატომ არის, რომ საქართველოს პრეზიდენტად იქ ჯერაც სალომე ზურაბიშვილი წერია, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ილია დარჩიაშვილი”.
ფიშერის თქმით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი განახლდება, პასუხი კი იმიტომ არის ბუნდოვანი, რომ საელჩო და თავად ელჩი არ მართავენ საიტს. ამასთან, ელჩი აღნიშნავს, რომ აღნიშნული საკითხი ტექნიკური ხასიათისაა თუ არა, არ იცის, რადგან “არ ჩაღრმავებია.”
“დიახ, ვებსაიტი განახლდება. მალე ჩვენს ვებსაიტს ექნება ახალი დიზაინი და გონივრულ ვადაში დაინახავთ საქართველოს შესახებ ცვლილებებს. ასე ბუნდოვნად იმიტომ ვამბობ, რომ საელჩო და მე – ელჩი არ ვმართავთ ვებსაიტს. მე არ ვაკონტროლებ ვებსაიტს. შემიძლია ჩემს კოლეგებს ჩემი მოსაზრება გავუზიარო, მაგრამ საბოლოოდ მე არ ვწყვეტ. ვებსაიტზე აღნიშნულია, რომ რასაც იქ ვწერთ, გარანტირებულად ზუსტი არ არის. ვფიქრობ, ეს საკითხი დროთა განმავლობაში გაქრება. არ ვიცი, ტექნიკურია თუ არა. მართლა არ ვიცი. არ ჩავღრმავებივარ,” – აცხადებს პეტერ ფიშერი.
გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე საქართველოს ხელისუფლების შესახებ ინფორმაციის განახლების მოთხოვნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური ნოტა სამჯერ გააგზავნა. პირველი ნოტა გაიგზავნა გასული წლის ივლისში. მეორე ნოტა გაიგზავნა მიმდინარე წლის მარტში, მესამე ნოტა კი – 2026 წლის 28 აპრილს, მას შემდეგ, რაც წინა მიმართვების დიპლომატიური ვადა ამოიწურა, თუმცა ბერლინს მონაცემები კვლავ არ ჰქონდა შეცვლილი. აღსანიშნავია, რომ ამ დროში, გერმანულმა მხარემ მოახერხა რუსეთის ფედერაციის შესახებ ინფორმაციის განახლება – საგარეო უწყების ვებგვერდზე რუსეთის შესახებ ბოლო ცვლილება 2026 წლის მარტში ფიქსირდება.