დღეიდან საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობას პოლკოვნიკი კობა გრიგოლია უხელმძღვანლებს (ვიდეო)

დღეიდან საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობას პოლკოვნიკი კობა გრიგოლია უხელმძღვანლებს.

როგორც “კვირას” თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, ახალი სარდალი ხონში   დასავლეთის სარდლობის შტაბს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა წარუდგინა. პოლკოვნიკ კობა გრიგოლიას მოადგილედ კი ვიცეპოლკოვნიკი მალხაზ კალმახელიძე დაინიშნა. მანამდე პოლკოვნიკ კობა გრიგოლიას II ბრიგადის, ხოლო ვიცეპოლკოვნიკ მალხაზ კალმახელიძეს III ქვეითი ბრიგადის მეთაურების თანამდებობები ეკავათ.

გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა პოლკოვნიკებს ბრიგადების მეთაურობის თანამდებობაზე მუშაობის რანგში გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

თავდაცვის ძალების მეთაურმა ყურადღება მათ პროფესიონალიზმზე გაამახვილა. პოლკოვნიკი კობა გრიგოლია თავდაცვის ძალებში 2000 წლიდან მსახურობს. გაერთიანებულ სამხედრო აკადემიაში სამხედრო განათლების მიღების შემდეგ, მან მსახური სამხედრო სადაზვერვო ძალების ქვედანაყოფში დაიწყო. კობა გრიგოლიას საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვს, იმყოფებოდა კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში წარმოებულ საერთაშორისო ოპერაციებში. მიღებული აქვს მედლები „საბრძოლო დამსახურებისთვის“, „სამშობლოსათვის თავდადებული“, „გენერალი კვინიტაძე“ და „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“, ასევე, I, II და III ხარისხის უწყებრივი მედლები თავდაცვის უწყებაში უმწიკვლო სამსახურისთვის. ვიცეპოლკოვნიკი მალხაზ კალმახელიძე საქართველოს თავდაცვის ძალებში 1998 წლიდან მსახურობს. 2015 წელს ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში, სამშვიდობო ძალების წარმომადგენლობის უფროსი წარმომადგენლის მოადგილედ მუშაობდა. მიღებული აქვს უწყებრივი მედლები „გენერალი კვინიტაძე“, „გენერალი მაზნიაშვილი“, „სამშობლოსათვის თავდადებული“, მედალი „მხედრული მამაცობისთვის“, სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის და სხვა ჯილდოები.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები