საქართველო და უცხოური ინვესტიციები – გამოწვევები და უპირატესობები

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, 2017 წელს უცხოური ინვესტიციების რაოდენობამ საქართველოში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. 2018 წლიდან ინვესტიციები კვლავ შემცირდა. ხოლო კორონავირუსის პანდემია ინვესტიციების რაოდენობაზე კიდევ უფრო უარყოფითად აისახა და 2020 წლის პირველ კვარტალში 42 %-იანი კლება დაფიქსირდა.

როგორც კონრად ადენაუერის ფონდისა (KAS) და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ერთობლივ კვლევაშია აღნიშნული, ბოლო 10 წელიწადში ყველაზე არასახარბიელო მაჩვენებელი 2012-2013 წლებში დაფიქსირდა, როდესაც ინვესტიციებმა მშპ-ს 5.8% შეადგინა. 2014 წლიდან ინვესტიციები მშპ-ის მიმართ იზრდება და ყველაზე მაღალ ნიშნულს – 11.4% და 12%-ს 2016-2017 წელებში მიაღწია. 2019 წლის წინასწარი მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილმა მშპ-სთან მიმართებით 7.1% შეადგინა.

 

ხელისუფლება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლების რამდენიმე მიზეზს ასახელებს:

1. ინვესტორთა მფლობელობაში არსებული რამდენიმე მსხვილი საწარმო გადავიდა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში;
2. არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორების მიმართ შემცირდა ვალდებულები (სასესხო დავალიანების დაფარვა);
3. მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება.

ინვესტიციები სექტორებისა და ქვეყნების მიხედვით

როგორც კონრად ადენაუერის ფონდისა (KAS) და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ერთობლივ კვლევაშია აღნიშნული, უცხოელი ინვესტორებისათვის ყველაზე მიმზიდველი ფინანსური სექტორია, სადაც ინვესტიციების საერთო რაოდენობის 20,6 % ჩაიდო. ინვესტორებისათვის მიზიდველია ასევე თანხის ენერგეტიკაში ( 15,3 %),  სასტუმროებსა და რესტორნებში დაბანდება (12,4 %). ინვესტორების ინტერესს იწვევს ასევე სამშენებლო სექტორი( 9%) და დამამუშავებელი მრეწველობა (8,1 %). ინვესტორების სფეროს წარმოადგენს  სამთომოპოვებითი მრეწველობა( 5.4 %), ტრანსპორტი ( 5,6 %) და კავშირგამბულობა(3,6 % ).
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ უცხოური ინვესტიციების 63 % თბილისშია თავმოყრილი. გასულ წელს საქართველოში დაბანდებული ინვესტიციების მოცულობით გაერთიანებული სამეფო ლიდერობდა (19.5 %). მეორე ადგილზე 18.7 %-ით თურქეთი იყო, ხოლო 10.5 %-ით მესამეზე – ირლანდია.

საქართველოს საინვესტიციო გარემოს გამოწვევები და უპირატესობები

კვლევის თანახმად, პოტენციური ინვესტორებისათვის საქართველო მთელი რიგი ფაქტორების გამოა საიმტერესო და ერთერთია საერთაშორისო რეიტინგები. აღნიშნულ რეიტინგებს შორის აღსანიშნავია ბიზნესის კეთების სიმარტივისა (Doing business) და ეკონომიკური თავისუფლების (Heritage Foundation) რეიტინგები, რომელთა ჩამონათვალში საქართველოს საკმაოდ მაღალი სარეიტინგო შეფასება აქვს. პირველ რეიტინგში, ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით, 2020 წელს საქართველო მსოფლიო რეიტინგში (190 ქვეყანას შორის) მე-7 ადგილზეა (ერთი პოზიციით გაუარესდა 2019 წელთან შედარებით და მე-6 პოზიციიდან მე-7-ზე გადაინაცვლა), ხოლო მეორეში მსოფლიო მასშტაბით (180 ქვეყანას შორის) მე-12 ადგილზეა და რჩება უმეტესად თავისუფალ ქვეყანათა ჯგუფში.

საქართველოს საინვესტიციო უპირატესობას სძენს ლიბერალური საგარეო სავაჭრო რეჟიმი (განსაკუთრებით, ხელშეკრულებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროკავშირთან, დსთ-ს ქვეყნებთან, თურქეთთან, ჩინეთსა და ჰონგ კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულთან) და უცხოური კაპიტლის გადაადგილებაზე კონტროლის არარსებობა. დადებით ფაქტორად მიჩნეულია ისიც, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, კავკასიისა და ცენტრალური აზიის მთავარ სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ ჰაბად იქცეს.

კვლევის ავტორების მოსაზრებით, პოტენციური ინვესტორებისათვის მთავარ გამოევევად რჩება პოლიტიკური არასტაბილურობა და ოკუპაცია. პრობლემაა ასევე კვალიფიციური მუშა ხელის დეფიციტი. 2019 წლის მსოფლიო კონკურენტუნარიანობის ინდექსის რეიტინგის თანახმად , საქართველო საშუალო განათლების (სკოლის დამთავრება) დონის მიხედვით მსოფლიოს 141 ქვეყანას შორის მე-13 პოზიციაზეა, თუმცა კვალიფიციური სამუშაო ძალის, პროფესიული სწავლების, კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებისა და ცოდნის, სამუშაო ძალაზე ხელმისაწვდომობის კუთხით, 125-ე პოზიციას იკავებს.

საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას ასევე ამცირებს ის გარემოება, რომ ქვეყანა ღარიბია ბუნებრივი რესურსებით. პრობლემაა გაუმართავი სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურაც.

კორონა ვირუსის პანდემია და ინვესტიციები

როგორც კონრად ადენაუერის ფონდისა (KAS) და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ერთობლივ კვლევაშია აღნიშნული, ტურიზმი და ტრანსპორტი საქართველოსთვის ერთერთი ყველაზე მაღალი საინვესტიციო პოტენციალის მქონე დარგებია, თუმცა პანდემიის ნეგატიურმა ეფექტმა ეს სექტორები ყველაზე მეტად დააზარალა. ტურიზმის სექტორში, წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით, ინვესტივიები 76%-ით შემცირდა. 76%-ით არის შემცირებული ინვესტიციები ტრანსპორტის სექტორშიც. როგორც კვლევაშია მითითებული, მთლიანად 2020 წლის I კვარტალში ინვესტიციებმა 165.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის I კვარტალის მონაცემებზე 41.7% ნაკლებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები