დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები იზრდება
დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევაზე არსებული ჯარიმების ოდენობა იზრდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, თბილისის მერიის წინადადების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტმა უკვე დაამტკიცა.
„სატრანსპორტო პოლიტიკისა და პარკირების რეფორმის ფარგლებში, ჩვენი მხრიდან მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა. მინდა, მათ ამისთვის მადლობა გადავუხადო. ცვლილებების თანახმად, ტაქსისთვის განკუთვნილ ადგილზე სხვა სატრანსპორტო საშუალების პარკირება 10 ლარის ნაცვლად 50 ლარით დაჯარიმდება. აღნიშნული სივრცეები მხოლოდ A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის არის გამოყოფილი; ელექტრომობილების დამუხტვისთვის განკუთვნილ ადგილებზე, სხვა სატრანსპორტო საშუალების პარკირებაზე ჯარიმა ამ შემთხვევაშიც 10 ლარის ნაცვლად 50 ლარი გახდება; პარკირების ადგილებზე, განსაკუთრებით, ცენტრალურ ქუჩებზე გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შემოსავლის მიღების (სამეწარმეო საქმიანობის) მიზნით, დღემდე მოქმედი 10 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმდება, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში – 200 ლარით; სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვება სამ თვეზე მეტი ვადით – 50 ლარით დაჯარიმდება; ძალიან ბევრი შემთხვევა ვიცით კონკრეტულ უბნებში, რაც მოსახლეობის წუხილს იწვევს. მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, ავტომანქანა კონკრეტულ ადგილზე მხოლოდ სამი თვით გააჩეროს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერის თქმით, ამკრძალავი ნიშნის – „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობისას, თუ სამართალდამრღვევი არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან ან უარს აცხადებს სატრანსპორტო საშუალების ადგილიდან გაყვანაზე, სატრანსპორტო საშუალება შეიძლება გადაყვანილ იქნეს სპეციალურ დაცულ სადგომზე ან მის თვლებს სპეციალური საშუალებით გაუკეთდეს ბლოკირება.
„პარკირების წესების დარღვევაზე საჯარიმო ქვითრის განმეორებით ჩაუბარებლობის ან ჩაბარებაზე უარის თქმის შემთხვევაში, რომლის უამრავი ფაქტი ფიქსირდება, საჯარიმო ქვითარი ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება. ეს არის სისტემა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე იყენებს. პარკირებასთან დაკავშირებულ დარვევებზეც ანალოგიური მეთოდი იქნება გამოყენებული. რაც ყველაზე მთავარია, თუ პირი პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილ ჯარიმას ათ კალენდარულ დღეში გადაიხდის, მას ამ ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებების განხორციელება მნიშვნელოვანია, რადგან ის ვითარება, რომელიც ქალაქში არსებობს, დროულად უნდა მოწესრიგდეს.