სარფში გამოკვლეულ მებაჟე ოფიცრებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ
ახალ კორონავირუსზე (COVID-19) რისკჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სარფის საბაჟო გამშვებპუნქტზე გამოკვლეულ 129 მებაჟე ოფიცერს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
როგორც “კვირას” შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, PCR ტექნოლოგიით კვლევა ასევე ჩაუტარდა აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის ყველა სხვა უწყების თანამშრომელს და არცერთ მათგანს კორონავირუსიარ დაუფიქსირდა (ჯამურად, 24 საათის განმავლობაში 313 პირის მიზნობრივი ტესტირება განხორციელდა).
“ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან კოორდინებით, გლობალური პანდემიის დაძლევის მიზნით, კორონავირუსზე ტესტირების პროცესი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა ობიექტზე მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს”, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.