საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა COVID-19-ის ბიზნესზე გავლენის კვლევის მეორე ეტაპის შედეგებს აქვეყნებს.
როგორც “კვირას” სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, კვლევაში მონაწილეობა 1 553-მა ბიზნესსუბიექტმა მიიღო, ძირითადად, მცირე და საშუალო მეწარმეებმა საქართველოს რეგიონებიდან. გამოკითხულთა 89% რეგიონულ ბიზნეს, ხოლო 97% მცირე და საშუალო მეწარმეებს წარმოადგენს. კვლევაში 50 -მდე სექტორის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
კვლევის მიხედვით, მეწარმეთა 80% პანდემიის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ ღონისძიებებს დადებითად აფასებს. ასევე, დადებითად შეაფასა მეწარმეთა 91% -მა მთავრობის მიერ COVID-19 -ის გავრცელების პრევენციისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით გატარებული ღონისძიებები.
“კვლევამ აჩვენა, რომ კომპანიების 53%-ს შეუმცირდა გაყიდვები. კერძო სექტორი ასახელებს სხვა რიგ გამოწვევებსაც, როგორიცაა ლარის კურსის ცვლილება, ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პრობლემები და სხვა, თუმცა გამოკითხულ კომპანიათა 50% არ აპირებს საქმიანობის შეჩერებას.
კითხვაზე, თუ რა ტიპის დახმარებას ითხოვს ბიზნესი – პირველ ხუთეულში გამოიკვეთა ფინანსურ მხარდაჭერა/ გრანტის, გრძლევადიან- შეღავათიან სესხების, გადასახადების დროებით გაუქმება ან/და შემცირების, არსებული პროდუქციის რეალიზაციაში დახმარების, იჯარის, ხელფასების, კომუნალური და სხვა ხარჯების სუბსიდირების საჭიროებები.
კვლევა ჩატარდა 2020 წლის ივნისში, საგანგებო მდგომარეობის / ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნის შემდეგ და წარმოადგენს ორეტაპიანი გამოკითხვის დასკვნით ნაწილს.
აღნიშნული შედეგების შესწავლის საფუძველზე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს დონორი ორგანიზაციებისთვის და შესაბამისი საჯარო უწყებებისთვის”, – ნათქვამია სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.