შალვა პაპუაშვილი: ბიძინა ივანიშვილის ყველა წამოწყება ყინულმჭრელია, რომელიც თავის თავზე იღებს მთავარ ტვირთს – სწორედ ამგვარი ყინულმჭრელი იყო აბასთუმანი, ქუთაისი და ასეთია თაბორის ეს მშვენიერი კომპლექსი თბილისისთვის
მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები ამ საუცხოო კომპლექსის გახსნაზე, რომელიც, შეიძლება ითქვას, წარმოადგენს ქართული ტრადიციული და თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის მწვერვალს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სასტუმრო „პარაგრაფ თაბორის“ გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, თაბორის მთის პროექტი, ყველაზე მკაფიოდ წარმოაჩენს ამ ჩანაფიქრს, რომელიც ცოდნით, მიზანდასახულობითა და სამშობლოს სიყვარულითაა ხორცშესხმული და რომელიც მომავალში არაერთი მსგავსი ძალისხმევის საძირკველი გახდება.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის შრომის ნაყოფს ვხედავთ არა მხოლოდ აქ, არამედ მთელს ქვეყანაში, საქართველოს სხვადასხვა წერტილში.
,,მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები ამ საუცხოო კომპლექსის გახსნაზე, რომელიც, შეიძლება ითქვას, წარმოადგენს ქართული ტრადიციული და თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის მწვერვალს.
ჩვენ, როგორც სტუმარ-მასპინძლობით გამორჩეულ ქვეყანას, მიზნად უნდა გვქონდეს ტურისტული ინფრასტრუქტურის ყველა საფეხურის სრული განვითარება – ზურგჩანთიანი ტურისტის საჭიროებებიდან დაწყებული, გაგრძელებული საშუალო კლასის ქსელური სასტუმროებით, ადგილობრივი მარნებით, კურორტებითა და ისტორიული ძეგლებით და დასრულებული ისეთი ულტრათანამედროვე ობიექტებით, როგორიც თაბორის ეს მშვენიერი კომპლექსია.
ეს ყველაფერი ერთად, წარმოადგენს ჩვენი სამშობლოს განუმეორებელ ხიბლს, სილამაზეს და მიმზიდველობას.
თაბორის მთის პროექტი, რომელიც დღეს იხსნება, ყველაზე მკაფიოდ წარმოაჩენს ამ ჩანაფიქრს, რომელიც ცოდნით, მიზანდასახულობითა და სამშობლოს სიყვარულითაა ხორცშესხმული და რომელიც მომავალში არაერთი მსგავსი ძალისხმევის საძირკველი გახდება.
წარმატებით განხორციელებული ეს პროექტი არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის ჩანაფიქრი, შორსმჭვრეტელი გეგმა, რომელიც მან ათი წლის წინ დაისახა და მოთმინებითა და სიმტკიცით ხორცი შეასხა. მისი შრომის ნაყოფს ვხედავთ არა მხოლოდ აქ, არამედ მთელს ქვეყანაში, საქართველოს სხვადასხვა წერტილში.
ბიძინა ივანიშვილის მიერ წამოწყებული საქმეები არ წარმოადგენს რიგით პროექტებს. ბოლო ათწლეულებში მან დიდი დაკვირვებით შეარჩია ის სფეროები, რომლებიც ქვეყნისთვის სტრატეგიულად თუ კულტურულ-ისტორიულად იყო მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით იქ, სადაც სახელმწიფოს და ბიზნესს საკმარისი რესურსი არ გააჩნდა.
ამიტომ არის ყველა მისი წამოწყება ყინულმჭრელი, რომელიც თავის თავზე იღებს მთავარ ტვირთს, მთავარ შრომას და ფუძემდებლურ ინვესტიციას და ამით გზას უხსნის სხვებს. სწორედ ამგვარი ყინულმჭრელი იყო „ბლექ სი არენა“ და „პარაგრაფი შეკვეთილი“ შავი ზღვის სანაპიროსთვის, ასეთი იქნება აბასთუმნის პროექტი სამცხე-ჯავახეთისთვის და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იმერეთისთვის და ასეთია თაბორის ეს მშვენიერი კომპლექსი თბილისისთვის.
ეს პროექტები საფუძველია სამომავლო საქმეებისა, რომელიც საქართველოს შემდგომმა თაობებმა უნდა ითავონ და გააგრძელონ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ხვალ 1 ოქტომბერია. 13 წლის წინ ჩვენი ქვეყანა განთავისუფლდა ყველაფერი ქართულის მოძულე რეჟიმისგან და სხვათა თამაშებში საქართველოს პაიკად გამოყენების როლისგან.
მისი თქმით ,,მაშინაც, ბიძინა ივანიშვილმა ყინულმჭრელის როლი იტვირთა და გზა გაუხსნა ეროვნულ ინტერესებზე მდგომი და ადამიანზე მზრუნველი სახელმწიფოს მშენებლობას. 13 წელია, ყველა შიდა თუ გარე წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენი შრომით, ქვეყნის სიყვარულით და საქმის ერთგულებით, ვცდილობთ ასეთი სახელმწიფოს შენებას. ჩვენ ეს გამოგვდის, ხალხი ამას ხედავს და აფასებს.
ჩვენ ვდგავართ ისტორიულ ადგილას, რომელიც მოწმეა ქართველთა მრავალი ბრძოლისა და საგმირო საქმისა. ჩვენი ბრძოლა დღეს გადის მშვიდობისა და კეთილდღეობის შენარჩუნებაზე, რასაც ქვეყნის აღმშენებლობა ჰქვია. ეს უნდა გახდეს საქართველოს გამთლიანებისა და ძლიერების საფუძველი. ეს საუცხოო კომპლექსი კი, როგორც დასახული პოლიტიკის ნამდვილი სიმბოლო, საქართველოს გამარჯვებისა და ფერიცვალების მომასწავებელი იქნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.