მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია და ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.
ეზუგბაიას თქმით, მათ კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 26 პაციენტი მკურნალობს.
“კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დაგვემატა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი სამით გაიზარდა. გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა 86 %-ია.
კოვიდცენტრებში 168 პაციენტი მკურნალობს.
10 ახალი შემთხვევიდან – 5 გახლავთ დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, სამი შემოტანილი შემთხვევაა, აქედან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ორი საკარანტინე სივრცეში დადასტურებული შემთხვევაა. ორ პაციენტზე მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტების მოძიებისა და წყაროს დადგენის თვალსაზრისით.
ჩვენს ცენტრში 26 დადასტურებული შემთხვევაა მოთავსებული. დაგვემატა სამი ახალი პაციენტი, აქედან ორი ჩვენს ცენტრში მკურნალობაზე მყოფი პაციენტების კონტაქტებია, ხოლო ერთი პაციენტის წყაროს დადგენა მიმდინარეობს”, – განაცხადა ეზუგბაიამ.