გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უკანონო დაკავებებსა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე ისაუბრეს

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 44-ე სესიაზე, რომელზეც გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა რეზოლუციის „თანამშრომლობა საქართველოსთან” შესრულების ზეპირი ანგარიში წარადგინა, სიტყვით ჟენევაში გაერო-ს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ალექსანდრე მაისურაძე გამოვიდა.

როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, თავის გამოსვლაში ალექსანდრე მაისურაძემ ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ რთულ ვითარებაზე, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, საკუთრებისა და თავისუფალი გადაადგილების უფლებების დარღვევაზე.

მუდმივმა წარმომადგენელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უკანასკნელ შემთხვევაზე, რომელიც ეხება რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის დაჭრისა და უკანონო დაკავების ფაქტს. ალექსანდრე მაისურაძემ აღნიშნა, რომ ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის მისამართით საოკუპაციო ძალების მხრიდან ცეცხლის გახსნა წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშად დარღვევის მორიგ მაგალითს, ასევე, პანდემიის პირობებში გლობალური მასშტაბით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის მოწოდების სრულ უგულებელყოფას.

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის განცხადებით, მიუხედავად COVID-19 პანდემიისა, რუსეთის ფედერაცია განაგრძობს დესტრუქციულ და პროვოკაციულ ქმედებებს საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების აღმართვის უკანონო პროცესის ინტენსიფიკაციით.

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. გადასასვლელების ჩაკეტვამ და სასწრაფო სამედიცინო ევაკუაციაზე უარის თქმამ გამოიწვია ადგილზე მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციის კიდევ უფრო გაუარესება და უდანაშაულო ადამიანების სიკვდილიანობის ზრდა.

აღსანიშნავია, რომ უმაღლესი კომისრის ზეპირ ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას. კომისრის ოფისმა კიდევ ერთხელ გამოხატა მწუხარება, რომ, მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, ოფისის წარმომადგენლებს კვლავ არ ეძლევათ ადგილზე ადამიანის უფლებების დაცვის საჭიროებების შეფასების მიზნით ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა. კომისრის ოფისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე 2014-2019 წლებში სიცოცხლის ხელყოფის ოთხ შემთხვევაზე პასუხისმგებლობის ნაკლებობა აძლიერებს დაუსჯელობის გარემოს, რამაც შეიძლება, კიდევ უფრო გააუარესოს არსებული დაძაბულობა და დარღვევები.

რაც შეეხება უმაღლესი კომისრის წერილობით ანგარიშს რეზოლუციის “თანამშრომლობა საქართველოსთან” შესრულებისა და ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ, ის გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიმდინარე წლის სექტემბერში დაგეგმილ 45-ე სესიაზე წარედგინება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები