ცქიტიშვილი: ზაფხულის ბოლოსკენ ვგეგმავთ, რომ გავხსნათ ხაშურის შემოვლითი გზა

“საგზაო მაგისტრალებზე მიმდინარე სამუშაოს შორის რიკოთი არის ერთერთი ყველაზე დატვირთული, საინტერესო და მასშტაბური მშენებლობა”, – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა,     მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კონტრაქტორი კომპანია საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც აქტიურად მუშაობდა.

„კონტრაქტორი კომპანია, რომელიც საქართველოში „კოვიდის“ პანდემიამდე ჩამოვიდა, საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც აქტიურად მუშაობდა. დანარჩენ ორ მონაკვეთზე არსებული კომპანიები წინა მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებენ და მას შემდეგ, რაც ისინი შეძლებენ თავიანთი საინჟინრო ტექნიკური პერსონალის ჩამოყვანას, მიმდინარე სამუშაოები კიდევ უფრო გააქტიურდება“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მაია ცქიტიშვილის თქმით,  წელს ახალ მაგისტრალებზე 70 კილომეტრის მშენებლობა   განხორციელებულა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა.

„ჩვენ უკვე გავხსენით 19 კმ. დამატებითი ორი ზოლი ქუთაისის შემოვლით გზაზე, რაც ძალიან დიდი პრობლემა იყო ყველასთვის, ავტოსაგზაო შემთხვევების თვალსაზრისით, 14 კმ-იანი მონაკვეთი ჯაპანადან ლანჩხუთამდე ასევე დამატებითი კომფორტის ზონაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ტრასის მიმართულებით. ზაფხულის ბოლოსკენ ვგეგმავთ, რომ გავხსნათ ხაშურის შემოვლითი გზა. სტანდარტული გადაადგილების სიჩქარეებით,  დაახლოებით, ყველაზე ცოტა, ერთ საათს დაზოგავთ“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცეპრემიერის განცხადებით, 2022 წლისთვის ქვეყანას ექნება, პრაქტიკულად, დასრულებული ყველა მონაკვეთი აღმოსავლეთ-დასავლეთის ნაწილში და დარჩება მცირე მონაკვეთები. ეს შეეხება თბილისისა და წითელი ხიდის დამაკავშირებელ მონაკვეთებს, ბათუმიდან სარფამდე გზა კი 2023 წლისთვის გაიხსნება.

.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები