ჯანდაცვის მინისტრი: კომისია სრულად მოიცავს სექტორს და საზოგადოებისთვის საინტერესო ბევრი საკითხი თვალსაჩინო გახდება

კომისიის ფორმატში ამ საკითხების განხილვა მართლაც ძალიან ნაყოფიერი და საინტერესოა. მომავალში, სადისტრიბუციო ქსელებისა და იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებიც იქნებიან სხდომაზე და მათი მხრიდან გაჟღერებული კონკრეტული თემებიც მნიშვნელოვანი იქნება. ასე, კომისია სრულად მოიცავს სექტორს და საზოგადოებისთვის საინტერესო ბევრი საკითხი თვალსაჩინო გახდება, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომასთან დაკავშირებით, სადაც ფარმაცევტული კომპანიების მონაწილეობით, მედიკამენტების ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესებზე იმსჯელეს.

მიხეილ სარჯველაძემ მედიკამენტების ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე, კერძოდ, ექსპორტირებული პროდუქციის ადგილობრივით ჩანაცვლებასა და შემდგომ, მათი საზღვარგარეთ გატანის პოტენციალზეც ისაუბრა.

„საქართველოში აღნიშნული მიმართულება განსავითარებელია. ეს არ არის მარტივი საქმე, რომელიც ერთ დღეში, თუნდაც ერთ წელიწადში გაკეთდება. ამას სჭირდება გეგმაზომიერი, სერიოზული განვითარება და მხარდაჭერა. ვფიქრობ, ამგვარად შედეგი მიღწევადია. პროცესი მწარმოებლებმა უნდა განავითარონ, სახელმწიფო კი მზად არის, სწორი სამართლებრივი ჩარჩოსა და სარეგულაციო სისტემების შექმნისთვის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, წამლის წარმოების ხარისხის რეგულირების მიზნით, სახელმწიფომ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. მაგალითად, დაამკვიდრა GMP სტანდარტი. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ამ და სხვა მნიშვნელოვანი ნაბიჯებით, განმტკიცდება საქართველოს როგორც მწარმოებელი ქვეყნის რეპუტაცია და ავტორიტეტი, რაც თავის მხრივ, გაზრდის მოთხოვნას ადგილობრივი წარმოების მედიკამენტებზე.

რაც შეეხება პროცესების ოპტიმიზაციას, მინისტრის განმარტებით, სახელმწიფო მზად არის შემხვედრი ნაბიჯების გადასადგმელად, თუმცა, თავად ფარმაცევტული პროდუქტის შექმნა ხანგრძლივი პროცესია, რომელიც მოიცავს როგორც უშუალოდ მედიკამენტის დამზადებას, ისე – მისი უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის ანალიზს. შესაბამისად, პროცესების გამარტივება არ ნიშნავს აპრიორი ვადების მნიშვნელოვნად შემცირებას.

„მართლაც ძალიან კარგი იქნება, თუ ადგილობრივი წარმოება დაკავდება გენერიკების, ანუ არსებული წამლების ანალოგიების შექმნით. სახელმწიფოს, ყველა მხრივ შეუძლია, მხარში ამოუდგეს ასეთ ინიციატივებს. ვფიქრობ, რომ ამ კუთხით შედგება ჩვენი თანამშრომლობაც.

ეს იქნება ჩვენთვისაც და ბიზნესისთვისაც საინტერესო და წაადგება საერთო საქმეს. მანამდე, ინტერესით ვაკვირდებით პროცესს, არსებობს უამრავი პლატფორმა, სადაც ამ საკითხების დაყენება შეიძლება და ბუნებრივია, ჩვენ ვითანამშრომლებთ მწარმოებლებთან“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები