„თეთრი ხარის“ ავტორის დაბადების დღე

1929 წლის 17 ივლისს დაიბადა ქართველი ფერმწერი და გრაფიკოსი – კოკი მახარაძე.
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი თავის კოლექციაში დაცულ მხატვრის ნამუშევარს – „თეთრი ხარის“ ფოტოს აქვეყნებს.

„თეთრი ხარი“

„კოკი მახარაძის „თეთრი ხარი“ შესრულებულია 1976 წელს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნამუშევარი ფერწერული ტილოა, აღიქმება როგორც კედლის მხატვრობა. სურათის ერთიანი გამომსახველობა მონუმენტურია და მოზაიკის პანოს შთაბეჭდილებას ტოვებს. მსგავსი სიუჟეტისა და ესთეტიკის ნამუშევრები საბჭოთა პერიოდში ხშირად იქმნებოდა საჯარო სივრცეებისთვის. ცივი ტონალობის ფონზე სტილიზებული მცენარეების ფერადოვნება ზომიერია და ჰარმონიული, ხოლო გამოსახული ფორმები – მოცულობითი. გოგო-ბიჭის და თეთრი ხარის გამოსახულებები ასევე სკულპტურულია, სხეულის ფორმები უტრირებულად დიდი. თეთრი ხარი, მოსავლის აღების სცენა და ნიადაგიდან ამოზრდილი მცენარეები გამოხატავს საბჭოთა იდეოლოგიას, თუმცა ეს სცენა ქართული მიწათმოქმედების კულტურაზეც მიანიშნებს. საინტერესოა ხარი, რომელსაც აკავებს ქალ-ვაჟი. ხარის მზერა მიმართულია სხვა მიმართულებით და თითქოს გაქცევას ცდილობს. ეს კი თავისუფლების სიმბოლოს გამომხატველია“, – აღნიშნულია ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის ინფორმაციაში.

სურათზე: კოკი მახარაძე. „თეთრი ხარი“. 1976. ტილო, ზეთი. 300X250.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები