,,არემჯი“ ჟურნალ ,,ველურ ბუნებასთან” ერთად საქართველოს მდინარეებსა და ტბებში იქტიოფაუნისათვის მნიშვნელოვანი სახეობის თევზს – “ფარგას” აბრუნებს

კომპანია „არემჯი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ჟურნალ “ველურ ბუნებასთან” ერთად საქართველოს მდინარეებსა და ტბებში იქტიოფაუნისათვის მნიშვნელოვანი სახეობის თევზის – “ფარგის” დაბრუნების პროექტს ახორციელებს.

როგორც ,,კვირას” ,,არემჯიდან” აცნობეს, ამისთვის 2019 წელს შემოდგომაზე აზერბაიჯანიდან საქართველოში საცდელი ფორმით ფარგა შემოიყვანეს. რიგი ღონისძიებების შემდეგ, 2020 წლის ზაფხულისთვის უკვე საქართველოს მდინარეებში ასიათასობით ლიფსიტას გაშვების პროცესი დაიწყო.

„ფარგა”, ანუ Lucioperca, ძირითადად, ევროპისა და ამერიკის მდინარეებსა და ტბებშია გავრცელებულია. თუმცა, ჯერ კიდევ წინა საუკუნის მიწურულ, “ფარგა” არსებობდა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში და როგორც მტაცებელი, მნიშვნელოვან როლს ასრულებდა იქტიოფაუნისთვის. სხვადასხვა ბუნებრივმა თუ ხელოვნურმა პირობამ, ხოლო 90-იანი წლებიდან მოყოლებული ბრაკონიერების „ელექტროშოკით თევზაობამ” XXI საუკუნეში საქართველოს მდინარეებში დარჩენილი “ფარგა” სრულიად გააქრო. რამდენადაც ვიცით, ოცი წელია, მეთევზეები უშედეგოდ ცდილობდნენ “ფარგის” დაბრუნებას, რაც ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა გართულებული ბიუროკრატიისა და რიგ შემთხვევებში არასაკმარისი ფინანსური რესურსების გამო. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ამ პროექტში აქტიურად ჩართვა. მოხარულები ვართ, რომ, ბევრი სირთულეების მიუხედავად, პროექტი წარმატებით დაგვირგვინდა და საქართველოს მდინარეებს, ეტაპობრივად, მისი ძირძველი ბინადარი – “ფარგა” დაუბრუნდება. ვფიქრობ, სხვადასხვა ფორმით ბუნებაზე ზრუნვით საქართველოს ბიომრავალფეროვნებისათვის კარგ საქმეს ვაკეთებთ”, – განაცხადა კომპანია “არემჯის” კორპორაციული დირექტორის მოადგილემ საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ირაკლი შატაკიშვილმა.

ჟურნალ ,,ველური ბუნების” წარმომადგენლის, გოჩა კობერიძის თქმით, „ველური ბუნების ეროვნული სააგენტოსთვის“ გადაცემული თევზი მომავალში კიდევ უფრო გაზრდის სადედე ჯგუფს, რაც იმის ნიშანია, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდა.

“უკვე მესამე წელია, აქტიურად ვაკვირდებით“არემჯის” გარემოსდაცვით, მათ შორის, მდინარეების მიმართულებით ჩატარებულ ღონისძიებებს. სახეზეა კომპანიის რეალური ნაბიჯები გარემოზე ზრუნვის საკითხებში და ამას ადასტურებს ეკოლოგიური მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესება მდინარეებში “მაშავერა” და “კაზრეთულა”. სწორედ ამიტომ, “ფარგის’ დაბრუნების პროექტით “არემჯის” მივმართეთ. შევთანხმდით, რომ, ფარგის წარმატებით შემოყვანის შემთხვევაში, თევზის გაშვება მოხდებოდა მდინარეებში, სადაც კომპანია ოპერირებს. “არემჯის” ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მსოფლიო ბუნების დაცვის ფონდისა (WWF) და ფონდი “განვითარება და გარემოს” ჩართულობით შემოვიყვანეთ 1000-მდე მცირე ზომის ფარგა და გადავეცით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოს“. სირთულეებით სავსე გზა გავიარეთ და დღეს მილიონობით ლიფსიტა გვყავს, სადედე ჯგუფიც შენარჩუნებულია, „ველური ბუნების ეროვნული სააგენტოსთვის“ გადაცემული თევზი მომავალში კიდევ უფრო გაზრდის სადედე ჯგუფს, რაც საშუალებას გვაძლევს, ამაყად განვაცხადოთ, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდა. იმ მდინარეებში, სადაც ლიფსიტა იქნება გაშვებული, დამონტაჟდება ფოტოხაფანგები და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტთან ერთადგანხორციელდება მკაცრი კონტროლი. იგეგმება სხვადასხვა აქტივობა, რათა აქტიურად ჩაერთოს სამოქალაქო საზოგადოება და ერთად დავიცვათ ჩვენი მდინარეები”, – განაცხადა გოჩა კობერიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები