დანაყოფ “29155”-ის კიდევ ერთი სისხლიანი კვალი
რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ГРУ) დანაყოფი – “29155” მორიგ სკანდალში გაეხვა. ეს ჯგუფი 2018 წელს დიდ ბრიტანეთში სკრიპალების მკვლელობის მცდელობაშია გარეული. ამჯერად, საუბარია იმაზე, რომ გასულ წელს დანაყოფი ტერორისტულ დაჯგუფება „თალიბანთან” დაკავშირებულ ჯგუფებს ავღანეთში საერთაშორისო კოალიციურ ძალებზე თავდასხმისთვის საიდუმლოდ თანხას სთავაზობდა. ეს ხდება 21-ე საუკუნეში, როდესაც მთელი მსოფლიო გაერთიანებული ძალებით საერთო მტრის – ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძვის.
საინტერესოა, რომ საიდუმლო დანაყოფი – “29155”, სავარაუდოდ, 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ შეიქმნა. მისი კვალი მონტენეგროში გადატრიალების მცდელობაში, ბულგარელი იარაღის მწარმოებლის ემილიენ გებრევის მოწამვლასა და მოლდოვაში არეულობის მოწყობაში ჩანს. დანაყოფი დიპლომატიურ საფარს იყენებს და გამოცდილი სამხედრო მაღალჩინოსნებისგან შედგება. ზოგიერთი მათგანი ამ სფეროში საბჭოთა კავშირის პერიოდიდან მუშაობს და განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა.
„თალიბანსა“ და მოსკოვს შორის კავშირები დიდი ხანია, განხილვის საგნად იქცა. 2015 წელს პუტინის საგანგებო წარმომადგენელი ავღანეთში, ზამირ ქაბულოვი ღიად საუბრობდა “თალიბებთან” ურთიერთობის შესახებ და აცხადებდა, რომ კრემლისა და ტერორისტული დაჯგუფების ინტერესები ერთმანეთს „ობიექტურად ემთხვეოდა“.
მართალია, რუსეთი „თალიბანთან“ ასეთ დაახლოებას ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის მიზეზით „ამართლებს“, თუმცა, სინამდვილეში, პუტინს საკუთარი იმპერიისთვის ზესახელმწიფოს სტატუსის დაბრუნება და ავღანეთში გავლენის გაძლიერება სურს. ამას მოწმობს 2018 და 2019 წლებში “თალიბების” დელეგაციის ვიზიტები კრემლში, სადაც მოსკოვი კოალიციური ძალების დაკნინებასა და დიადი არბიტრის როლის შესრულებას ცდილობდა.
როგორც ჩანს, „იმპერატორს“ საბჭოთა კავშირის მიერ 1979 წელს ავღანეთში შეჭრით დაშვებული შეცდომის გამოსწორება სურს. სსრკ-მ მაშინ ქვეყანაზე ეფექტური კონტროლის დამყარება ვერ მოახერხა და სწორედ ამ ინტერვენციის შემდეგ ჩაეფლო ავღანეთი სისხლიან სამოქალაქო ომში. ასე აღზევდა „თალიბანიც“, რომლის საფარქვეშ და დაფინანსებით არსებულმა ალ-ქაიდამ მსოფლიოს ტერორიზმის ისტორიაში არნახული მასშტაბის 9/11-ის ტერაქტით თავი სამუდამოდ დაამახსოვრა.
რა თქმა უნდა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი ტერორიზმთან კავშირში ან ძალადობრივი რეჟიმების მხარდაჭერაში ამხილეს. 2018 წელს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, პაველ კლიმკინი კრემლს ტერორიზმის დაფინანსებაში ღიად ადანაშაულებდა. ასევე, დიდი ხანია, აქტიურად საუბრობენ ლიბიასა და სირიაში რუსეთის კონტრაქტორი სამხედრო დაჯგუფებების აქტიურობაზე. მათგან ყველაზე თვალსაჩინო კერძო რუსული სამხედრო დაჯგუფება – “ვაგნერია”, რომელიც კრემლთან მჭიდრო კავშირებით გამოირჩევა. დაჯგუფება სირიაში, ლიბიაში, უკრაინასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ოპერირებს.
ოფიციალური მოსკოვი ჯგუფთან კავშირს ტრადიციულად უარყოფს, თუმცა, სხვადასხვა დროს გავრცელებული ვიდეო- თუ ფოტომასალის დამსახურებით, უკვე მთელმა მსოფლიომ იცის, ვინ დგას იმ შეიარაღებული ფორმირების უკან. ეს არის დაჯგუფება, რომელიც ყველგან დესტაბილიზაციას იწვევს და არა მხოლოდ სამხედროებს, არამედ სრულიად უდანაშაულო ადამიანებს კლავს.
„ვაგნერი“ პეტერბურგელი ბიზნესმენისა და “პუტინის მზარეულის”, რუსი ოლიგარქის, ევგენი პრიგოჟინის სახელს უკავშირდება. „ვაგნერის“ წევრები დონბასის საბრძოლო და საოკუპაციო მოქმედებებშიც იღებდნენ მონაწილეობას. ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მებრძოლებს რუსეთის სახელმწიფო არ აფინანსებს. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მოსკოვი კავშირს უარყოფს, ყველამ იცის, რომ ჯგუფის ლიდერი დიმიტრი უტკინია, რომელიც რუსეთის სპეცრაზმსა და 2013 წლამდე მთავარ სადაზვერვო სამმართველოში მსახურობდა. ჯგუფის წევრები წვრთნებს კრასნოდარში, მოლკინოს საწვრთნელ ბაზაზე გადიან. აქვეა რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცრაზმის მეათე ბრიგადის მთავარი ბაზაც. ბუნებრივია, უტკინს „ვაგნერის“ დამფუძნებელთან, პრიგოჟინთან მჭიდრო კავშირში აქვს. უფრო მეტიც, 2016 წლის 9 დეკემბერს კრემლში „სამშობლოს გმირების დღესთან“ დაკავშირებით გამართულ მიღებაზე უტკინმა პუტინთან ერთად ფოტოც კი გადაიღო. მოგვიანებით, კრემლის პრესსამსახურის უფროსმა, დიმიტრი პესკოვმა ფოტოსურათის ნამდვილობა დაადასტურა.
მას შემდეგ, რაც ლიბიაში 2011 წელს დიქტატორ მუამარ კადაფის რეჟიმი დაემხო, საერთაშორისო მასშტაბით აღიარებულ ტრიპოლის ხელისუფლებას ქვეყნის აღმოსავლეთში მყოფი ხალიფა ჰაფთარის ნაციონალური არმია ებრძვის. ამ უკანასკნელს მხარს რუსეთი, გაერთიანებული ემირატები და ეგვიპტე უჭერს, ოფიციალურ მთავრობას კი თურქეთი ეხმარება.
გაერო-ს ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის ოქტომბრიდან ლიბიაში „ვაგნერის“ 800-დან 1 000-მდე დაქირავებული მებრძოლი იმყოფება. მათი უმეტესობა ეროვნებით რუსია. ამასთანავე, სხვადასხვა ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ, სინამდვილეში, ლიბიაში ჰაფთარის მხარდასაჭერად 2000-ზე მეტი რუსი დაქირავებული სამხედრო იბრძვის.
ლიბიის გარდა, რუსი დაქირავებული მებრძოლები სირიაში ბაშარ ალ-ასადის მხარესაც იბრძვიან. ასადის რეჟიმი არაერთი „ომის დანაშაულით“ არის ცნობილი, რაშიც რუსი სამხედროების წვლილიც დიდია. 2018 წელის აპრილში სირიის სამთავრობო ძალებმა ალყაში მყოფი ქალაქის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენეს, რომელსაც უამრავი ადამიანი ემსხვერპლა. გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ასადის რეჟიმი სწორედ რუსეთმა წააქეზა და თავდასხმაში მოსკოვის კვალზე მიუთითებდნენ.
სირიაში მოღვაწე ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციების ანგარიშების თანახმად, რუსებს სირიაში ტერორისტულ დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ჰყავთ მოკლული. ინტერნეტში ვიდეოკადრებიც კი ვრცელდებოდა, რომელშიც, სავარაუდოდ, „ვაგნერის“ მებრძოლები სირიელ აჯანყებულებს ფიზიკურად აწამებდნენ. დაჯგუფების წევრები სირიაში თავიანთი საქმიანობისთვის გასამრჯელოს საბადოებიდან მიღებული ნავთობისა და გაზის სახით იღებდნენ. ყოველწლიურად რუსი დაქირავებული მებრძოლების ანაზღაურებლად, დაახლოებით, 20 მილიონი დოლარის პროდუქცია გაიცემოდა.
„ვაგნერი“ ასევე ჩართულია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკისა და სუდანის კონფლიქტებში. მნიშვნელოვანია, რომ 2018 წელს ჟურნალისტები: ორხან ჯემალი, ალექსანდრ რასტორგუევი და კირილ რადჩენკო ამის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვებას შეეცადნენ, თუმცა ისინი ჟურნალისტური გამოძიების დროს მოკლეს.
მაშინ, როცა ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ კერძო სამხედრო კომპანიებისა და სირიაში მათი ოპერაციების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, კრემლი მათ მებრძოლებს ორდენები აჯილდოებს. 2015 წლის იანვარში დონბასში დაღუპული „ვაგნერის“ ორი წევრი – ანდრეი ელმეევი და ანდრეი შრეინერი სიკვდილის შემდეგ სახელმწიფო ორდენებით დაჯილდოვდნენ. „ვაგნერის“ წევრები რუსული სამხედრო ძალების ტრანსპორტით, საწვრთნელი ბაზებითა და სამხედრო საავადმყოფოებით სარგებლობენ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავად რუსეთის კანონმდებლობა კერძო სამხედრო კომპანიის შექმნას ან საზღვარგარეთ არსებულის გამოყენებას კრძალავს. თუმცა, მოსკოვს ეს ხელს არ უშლის, მშვიდობიანი მოსახლეობისა თუ კოალიციური ძალების გასანადგურებლად დაქირავებული მებრძოლები აამოქმედოს, თანაც ისე, რომ თვითონ ჩრდილში დარჩეს.
დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი რუსეთში (1995-2000), ენდრიუ ვუდი რუსების „თალიბანთან“ კავშირის შესახებ აცხადებს, რომ ასეთი რამ სავსებით შესაძლებელია. მისი თქმით, პუტინის ფოტოსურათი რომ გამოქვეყნდეს, სადაც ის ვინმეს თავში ტყვიას ესვრის, რუსები ამასაც კი უარყოფენ. რეალობა ასეთია, „თალიბანმა“ უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე გაანადგურა და დღემდე აგრძელებს მშვიდობიანი მოქალაქეების მოკვლას. რუსეთის სახელმწიფო კი ეშმაკთან გარიგების დადებით არის დაკავებული. თუმცა, რა გასაკვირია ასეთი ქმედება ძალადობის იმ იმპერიისგან, რომელმაც სირიაში ტერორისტულ ორგანიზაციას, ისლამურ სახელმწიფოს უდანაშაულო ადამიანების დახოცვაში „აჯობა.“
გიორგი დანელია