„მომსწრე გავხდი და ჩემი თვალით ვუყურებ, თუ რამხელა დიდი საქმეები კეთდება თქვენი წამოწყებით“

თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული 5 ათასამდე ბინა ფაქტობრივ მფლობელებს დაუკანონდებათ, ფეისბუქის გვერდზე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ვიცე-პოლკოვნიკი, თამარ კიკნაძე ეხმიანება.

„გაიხარეთ, ბატონო ირაკლი ღმერთმა დაგლოცოთ ასეთი გულისხმიერი გადაწყვეტილების მიღებისათვის. რამდენი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი და მარჩენალდაკარგულის უბინაო ოჯახის წევრები გაიხარებენ, რომლებსაც არ გააჩნდათ საცხოვრებელი ფართები, რომლებიც დროებით სარგებლობდნენ თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული ფართებით, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ დაკავებული ფართების დაკანონებას. თქვენ მართლაც გამორჩეული ღირსეული პიროვნება ბრძანდებით. ღმერთმა უმრავლოს ჩვენს ქვეყანას თქვენნარი მაღალჩინოსნები.
თქვენ კიდევ ერთხელ დაანახეთ ფართო საზოგადოებას, რომ თქვენ ხართ ღირსეული მამულიშვილი, ამ მოკლე დროში თქვენ შეძელით უამრავი პროექტის წამოწყება და განხორციელება. თქვენ რიგითი ჯარისკაციდან დაიწყეთ მათი დაფასება, მათ ოჯახებზე ზრუნვა და რაც მთავარია, ყველაფერს მოეკიდეთ დიდი პასუხისმგებლობით.
ბედნიერი ვარ, რომ მომსწრე გავხდი და ჩემი თვალით ვუყურებ, თუ რამხელა დიდი საქმეები კეთდება თქვენი წამოწყებით. მჯერა, რომ თითოეულ სამხედრო თუ სამოქალაქო პირს, რომლებიც ხედავენ ყოველივეს, მიეცემათ საშუალება, განსაზღვრონ თეთრი და შავი რა იყო, რა არის და რა იქნება.
თქვენ უამრავ ახალგაზრდას – მომავალ თაობას გაუჩინეთ სურვილი სამშობლოს სადარაჯოზე ღირსეულად დადგომის. თქვენ ხართ ღირსეული მინისტრი ღირსეული ინიციატივებით“, – წერს თამარ კიკნაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები