წილოსანი კობერიძეზე: ძალიან სამწუხაროა, რომ პარლამენტის წევრი სიძულვილით, აგრესიის ენით საუბრობს და, გარკვეულწილად, სიტყვიერ მუქარასაც იყენებს
„ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ პარლამენტის ის წევრი, რომელიც „ქართული ოცნების” სახელით იყო არჩეული პარლამენტში, მსგავსი სიძულვილით, აგრესიის ენით საუბრობს და, გარკვეულწილად, სიტყვიერ მუქარასაც ახორციელებს კომიტეტის თავმჯდომარის მიმართ”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისი თქმით, საპარლამენტო კომიტეტის მუშაობის ეფექტიანობაზე სექტორის წარმომადგენლები აქტიურად საუბრობენ.
„ისინი აღნიშნავენ, რომ მსგავსი გამჭვირვალეობა, ღია და საინტერესო პროცესი პარლამენტში და კომიტეტში ამ წლების მანძილზე არასდროს ახსოვთ. ის, რომ სექტორის შენიშვნები და მოსაზრებები მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული საუკეთესო ვერსიის კანონპროექტის მიღებისთვის – ამაზე კომიტეტშივე უამრავი განცხადება გაკეთდა. ერთი, რომ მიუღებელია სიძულვილის ენით საუბარი და მეორე – თემა, რომელზეც დაპირისპირება და შელაპარაკება დაიწყო პირიქით, ძალიან დიდ მოწონებას უნდა იწვევდეს კომიტეტის თავმჯდომარის და, ზოგადად, საპარლამენტო მუშაობის მიმართ”, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.