“ბჟანიას რუსეთში პირდაპირ უთხრეს, რომ არავითარი ფული არ იქნებოდა, პირიქით, ვალდებულებების შესრულება მოსთხოვეს” – გამახარია ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბრობს

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარია აცხადებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში, განსაკუთრებით კი გალის რაიონში, მძიმე სოციალური და ეკონომიკური ვითარებაა. ამის შესახებ გამახარიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

როგორც გამახარიამ განაცხადა, რუსეთმა ოკუპირებული რეგიონი ფინანსური დახმარების გარეშე დატოვა.

„ვითარება მთელს მსოფლიოში ძალიან მძიმეა და აფხაზეთში – განსაკუთრებით. ამ ვითარებას ამძიმებს ის, რომ, წინა წლებისგან განსხვავებით, აფხაზეთი წელს, ფაქტობრივად, რუსეთის დახმარების გარეშეა. რუსეთს ოფიციალურად უარი არ უთქვამს ამ დახმარებაზე, მას საბიუჯეტო ვალდებულება აქვს აღებული, რომ აფხაზეთის ბიუჯეტში 4,7 მილიარდი რუბლი ჩარიცხოს. ჯერჯერობით, ძალიან ცოტა თანხაა ჩარიცხული. ხელფასებს, პენსიებს დროულად ვერ გასცემენ. ამ კუთხით ძალიან მძიმე ვითარებაა.

რაც შეეხება ფულის გადარიცხვას – როცა ბჟანია იმყოფებოდა რუსეთში 24 ივნისს რაღაც პარადზე, მას იქ პირდაპირ უთხრეს, რომ არავითარი ფული არ იქნებოდა, პირიქით, გარკვეული ვალდებულებების შესრულება მოსთხოვეს. საუბარია შემდეგ ვალდებულებებზე: უძრავი ქონების შესყიდვის უფლებაზე რუსებისთვის, ასევე, რუსებისთვის აფხაზეთის მოქალაქეობის მინიჭებაზე. ანუ აფხაზეთის, ფაქტობრივად, რუსეთისთვის ჩაბარებაზეა საუბარი. ეს აფხაზებმა იციან, ამაზე არ მიდიან და ფული არ მოდის, რა იქნება, როგორ იქნება, მკითხობა არ მინდა, მაგრამ ეს სიტუაცია კიდევ უფრო რომ გართულდება, ძნელი მისახვედრი არაა. ბჟანიას ბოლო განცხადებაც შესაძლოა, ამ ვითარებას უკავშირდებოდეს“, – განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

მისივე თქმით, გალის რაიონში კიდევ უფრო მძიმე ვითარებაა.

„გალის რაიონში ვითარება ბევრად უფრო რთული და მძიმეა, ვიდრე – დანარჩენ აფხაზეთში. თითქმის თებერვლიდან შემწეობები, პენსიები არ აუღიათ. პროდუქტები, წამლები გამოილია. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაა. დიდი უკმაყოფილებაა გალის რაიონის მოსახლეობაში. ყოველდღე გვირეკავენ, გვთხოვენ დახმარებას. პირინციპში, ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ დავეხმაროთ პროდუქტებით, წამლებით, მაგრამ ამას გასაგები მიზეზების გამო ვერ ვახორციელებთ. ვფიქრობთ, აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით რაღაც გზების გამონახვა. მე პირადად მესახება ასეთ გზა: შედგეს მოლაპარაკება საერთაშორისო ორგანიზაცეიბის დახმარებით და რუხში გადმოუშვან ადამიანები, იქ ორგანიზებული იყოს პენსიებისა და შემწეობების გაცემა. იქვე შეიძლება ბაზრობების, მაღაზიების მოწყობა, რომ რისი ყიდვაც უნდათ ადამიანებს, იყიდონ და იმ დღესვე დაბრუნდნენ უკან. მგონი, ამის გაკეთება შესაძლებელია. ვიცი, რომ საქართველოს მთავრობა მუშაობს სხვადასხვა ვარიენტზე, თუ როგორ დაეხმაროს გალელებს. ალბათ, რომელიმე ერთი ვარიანტი იქნება ამოქმედებული.

რაც შეეხება ეპიდსიტუაციას – ამ წუთის მონაცემებით, თითქოს, არცერთი ინფიცირებული არაა აფხაზეთში. ეს სპეციალურად გაკეთდა 15 ივლისსთვის, რომ საზღვარი გახსნილიყო, მაგრამ არ გაუხსნეს.

ე.წ. საზღვარი ფსოუზე, რუსეთთან ჩაკეტილია. 15 რიცხვამდე იყო ჩაკეტილი. აფხაზებმა გააკეთეს ისე, რომ 14 ივლისს კორონავირუსით დაავადებული ბოლო 2 ადამიანი გაწერეს და გამოაცხადეს, რომ საზღვრის გასახსნელად და ტურისტების მისაღებად მზად არიან. მაგრამ ამან უკვე 21 ივლისამდე გადაიწია და 21-შიც გაიხსნება, თუ არა, არავინ იცის. ალბათ, უფრო არ გაიხსნება, რადგან რუსეთის მხრიდან მზაობა არ არის. ასევე, სოჭში საკმაოდ გართულებულია კოვიდსიტუაცია. იქ 700-მდე ინფიცირებული და 15 გარდაცვლილია. ამიტომ, რას მოიმოქმედებს რუსული მხარე, აფხაზური მხარე, არავინ იცის. გაიხსნას ე.წ. საზღვარი, შემოვიდნენ რუსები და შემოიტანონ ინფექცია, ხომ დაიღუპება მაშინ ყველაფერი. ამიტომ, გაურკვევლობა და მძიმე სიტუაციაა“, – განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები