“პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების ღირებულება საათში 1 ლარი იქნება”
თბილისის ვიცემერის, ირაკლი ხმალაძის თქმით, პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების ღირებულება ვიზიტორებისთვის საათში 1 ლარი, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო იქნება.
„გამორიცხულია, ამ სისტემამ არ გაამართლოს. მთავარია, სწორ ადგილზე განხორციელდეს. პირველი ორი ეტაპი, დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ წარმატებით გავიარეთ კოტე აფხაზის ქუჩის, აბანოთუბნის მიმდებარე ტერიტორიასა და ორბელიანის მოედანზე. ახლა გადავდივართ საბურთალოს რაიონზე. პეკინის გამზირზე განთავსდება მუნიციპალური პავილიონები, რაც მოსახლეობას დაეხმარება, დაარეგისტრირონ ის სატრანსპორტო საშუალებები, რომლებმაც უფასო პარკირებით უნდა ისარგებლონ ფასიან ზონაში. ხოლო ვიზიტორებისთვის ზონა იქნება ფასიანი – ერთი საათის განმავლობაში 1 ლარი. ამის შემდეგ გადავალთ უკვე საბურთალოს რაიონის სხვა გადატვირთულ ადგილებზე”, – განაცხადა ხმალაძემ.