ბულგარეთში საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა
ბულგარეთის დედაქალაქში უკვე მეექვსე დღეა, საპროტესტო აქცია მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის, ბოიკო ბორისოვის გადადგომის მოთხოვნით იმართა. თუმცა გვიან ღამით ის პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა.
სოფიას პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ანტონ ზლატანოვის განცხადებით, არეულობის შედეგად, ორი პოლიციელი და აქციის ერთი მონაწილე დაიჭრა, 6 პირი დაკავებულია.
აქციის მონაწილეები მაღაზიების ვიტრინებს არბევდნენ და სამართალდამცველების მისამართით საღებავების ბოთლებს ისროდნენ.
აქციის მონაწილეები პრეზიდენტ რუმენ რადევს მხარდაჭერას უცხადებენ და მთავრობას რადევის პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაში ადანაშაულებენ.
გასულ კვირას პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორი თანამშრომლის კაბინეტები გაიჩხრიკა. გამოძიება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფო საიდუმლოების გასაჯაროების საქმეებზე მიმდინარეობს.