რატი იონათამიშვილი: ოპოზიციის ყველა განცხადება, განსაკუთრებით – ეპიდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით, სამწუხაროდ, ყოველ ჯერზე არის არაკომპეტენტური
“ეს კანონი არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რათა, ერთი მხრივ, დავიცვათ საზოგადოების ჯანმრთელობა და, მეორე მხრივ, არ შეფერხდეს ქვეყნის განვითარება”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის ყველა განცხადება, განსაკუთრებით – ეპიდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით, ყოველ ჯერზე არაკომპეტენტურია.
“ოპოზიციის ყველა განცხადება, განსაკუთრებით – ეპიდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით, სამწუხაროდ, ყოველ ჯერზე არის არაკომპეტენტური და მე ვფიქრობ, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს იმასთან, რომ ისინი ან ვერ აცნობიერებენ ბოლომდე, რა ვითარებაა ან სპეციალურად ხდება იმ მიღწევის დაკნინება, რაც საქართველოს აქვს კორონავირუსთან ბრძოლის პირობებში, ეს კანონი არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა. მნიშვნელოვანია, რათა, ერთი მხრივ, დავიცვათ საზოგადოების ჯანმრთელობა და, მეორე მხრივ, არ შეფერხდეს ქვეყნის განვითარება და ასევე მნიშვნელოვანია, რომ არსებული საფრთხეების შემთხვევაში მთავრობას ჰქონდეს სწრაფი და მოქნილი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა”, – განაცხადა იონათამიშვილმა.
პარლამენტმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტს კენჭი პირველი მოსმენით უყარა. პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე გარკვეული შეზღუდვების გატარების უფლება 2021 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივდება.