13 ივლისი ვაჟა აზარაშვილის დაბადების დღეა

1936 წლის 13 ივლისს ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი და პედაგოგი. ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი, ვაჟა აზარაშვილი დაიბადა.  მას 84 წელი შეუსრულდა.
დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1961 წელს.

1961 წლიდან, შემოქმედებითი მოღვაწეობის პარალელურად, ეწევა პედაგოგიურ საქმიანობასაც; 1971 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, პროფესორი (1988);
1994 წელს გახდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სამხატვრო ხელმძღვანელი. მისი შემოქმედება ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა: სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტალური, მიუზიკლი და საესტრადო.
ძირითადი მიმართულებაა ინსტრუმენტული და საესტრადო მუსიკა; ავტორია: სიმფონია (1966, სამ ნაწილად), 2 სავიოლინო კონცერტი (სამ ნაწილად, 1967 I, 1972 II), კონცერტი ვიოლონჩელოსათვის (1969, ერთნაწილად), კონცერტი ალტისა და კამერული ორკესტრისათვის (1973), 2 ოპერეტა, რომლებიც დაიდგა თბილისის „მუსკომედიის” სცენაზე (1969 I, 1972 II), კონცერტინო კვარტეტისათვის (1963), ვოკალურ–სიმფონიური პოემა (1961), 2 პიესა სიმებიანი ორკესტრისათვის (1964), სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის (1961, ოთხ ნაწილად), ინსტრუმენტული, კამერული და საესტრადო ნაწარმოებები, მუსიკა სპექტაკლებისა და სატელევიზიო ფილმებისთვის.
მან ბევრი სიმღერა მიუძღვნა მშობლიურ თბილისს: „თბილისური ლირიკული”, „სიმღერა თბილისზე”, „სიმღერა მეტეხზე”, პოპულარულია მისი სიმღერები: „მუსიკა”, „დღეები მიდიან”, „პატარა გოგო”, „მზე ჩემი მეგობარია”, „”ისევ წვიმს”, „სიმღერაა მთელი ჩემი ქონება”, „დინამო, დინამო” და სხვ; მის სიმღერებს წარმატებით ასრულებენ მომღერლები: ნ. ბრეგვაძე, გ. ჩოხელი, ვ. კიკაბიძე, ე. კაკულია, თ. გვერდწითელი, ანსამბლები: „ორერა”, „რერო”, „ივერია”, „თეატრონი” და სხვა.
პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდში.
ვაჟა აზარაშვილი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, თბილისის საპატიო მოქალაქეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები