„მინდა, ყველას მოვუწოდო, ესტუმრონ სვანეთს, ხელახლა აღმოაჩინონ ეს მხარე“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა პრემიერმინისტრის მრჩეველ სოზარ სუბარსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მესტიის მუნიციპალიტეტში საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი და წვირმისა და იფარის ტაძრები მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

მიხეილ ჩხენკელი: „დღეს მოვინახულე სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო კერაა. ამ მუზეუმში გამოფენილია ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშები და უაღრესად საინტერესო ექსპონატები.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მოვუწოდო, ესტუმრონ სვანეთს, ხელახლა აღმოაჩინონ ეს მხარე თავისი უმშვენიერესი ბუნებით, უმდიდრესი კულტურითა და სტუმართმოყვარე ხალხით“.

სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმს დიდი ხნის ისტორია აქვს. იგი 1936 წელს დაარსდა და მასში დაცულია უნიკალური არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული მასალა და ძველი ქართული ხელნაწერების მდიდარი კოლექცია, რომელთა შორის განსაკუთრებულია ადიშის ოთხთავი (897 წლის) და სახარების სხვა ხელნაწერები, ქართული ჭედური და ფერწერული ხელოვნების არაერთი მნიშვნელოვანი ძეგლი.

მუზეუმის სარეაბილიტაციო-განახლებითი სამუშაოები საქართველოს მთავრობისა და სხვადასხვა საერთაშორისო ფონდისა და ორგანიზაციის მხარდაჭერით 2013 წელს დასრულდა და ახალ, თანამედროვე შენობაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მუზეუმი გაიხსნა, მოეწყო საკონფერენციო და საგამოფენო დარბაზები, შეიქმნა სარესტავრაციო ლაბორატორია და საცავები. 2015 წელს მუზეუმს საგანმანათლებლო ცენტრი და მედიათეკა შეემატა. აქ მოსულ დამთვალიერებლებს ხვდება უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საჯარო სივრცე, სუვენირების მაღაზია და კაფე. მუზეუმში ასევე წარმოდგენილია დროებითი საგამოფენო სივრცე, რომელიც სხვადასხვა ხასიათის გამოფენას ეთმობა.

რეაბილიტირებულ მუზეუმში მუდმივი ექსპოზიციის ექვსი დარბაზია. ისტორიაში მოგზაურობა სვანეთში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალით იწყება, ასევე, განთავსებულია ნუმიზმატიკური კაბინეტი. მუზეუმში დაცულია ქრისტიანული საგანძურიც, გამოფენილია IX-XVIII საუკუნეებში შექმნილი მსოფლიო მნიშვნელობის ისეთი შედევრები, როგორებიცაა: ორმოცი სებასტიელი მოწამის ხატი, ბიზანტიური ნაქარგი ხატი, ვენეციური ჯვარი, თამარ მეფის მიერ შეწირული სურა, ხელნაწერთა მდიდარი კოლექცია და სხვა. ასევე, გამოფენილია ეთნოგრაფიული მასალა.

სვანეთის მუზეუმში ფუნქციონირებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამა, რომელთა მიზანია რეგიონის მოსახლეობისა და ჩამოსული სტუმრებისათვის ქართული კულტურის ძეგლების, ხელოვნების, მეცნიერების გაცნობა და პოპულარიზაცია. პროგრამები ითვალისწინებს ექსკურსიებს მუზეუმში, შემეცნებით თამაშებს, ლექცია-საუბრებს, შეხვედრებს მეცნიერებთან, გამოჩენილ ადამიანებთან, საზოგადო მოღვაწეებთან, ფილმის ჩვენებებს, თეატრალურ წარმოდგენებს…

მინისტრმა ასევე მოინახულა წვირმის მაცხოვრისა და იფარის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრები, სადაც შუა საუკუნეების მდიდარი ქრისტიანული საგანძურია დაცული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები