სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროები 12 ივლისს ორი ქვეყნის საზღვარზე მომხდარ დაპირისპირებას ეხმიანებიან.
სომხეთის საგარეო პოლიტიკური უწყება ცეცხლის გახსნას გმობს და, როგორც ის აცხადებს, ამის მიზეზი გახდა ის, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა თოლუზის ტერიტორიის ხელში ჩაგდების მიზნით სომხეთის პოზიციების გარღვევა არტილერიის გამოყენებით სცადეს. აღინიშნება, რომ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, პრემიერმინისტრსა და თავდაცვის მინისტრთან კოორდინაციაში, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან მუდმივ კავშირზე იმყოფებიან, ასევე, ახსენებს მათ კონფლიქტის გაღრმავების საფრთხეზე. სომხეთის საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ პროვოკაციულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა აზერბაიჯანის პოლიტიკურ ხელმძღვანლობას დაეკისრება.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ 12 ივლისს სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა თოლუზის მიმართულებით პოზიციების დაკავება სცადეს, რამაც ცეცხლის გახსნა გამოიწვია და მომხდარზე პასუხისმგებლობა სწორედ სომხეთს ეკისრება.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა საპასუხო ზომები მიიღეს, ორმხრივი სროლის შედეგად კი, ორი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა, ხუთი დაშავდა.
“სომხეთის შეიარაღებული ძალების აღნიშნული პროვოკაციული ქმედება უნდა განვიხილოთ, როგორც ბოლოდროინდელი ქმედებებისა და გაკეთებული განცხადებების გაგრძელება, რომლებიც რეგიონში ვითარების ესკალაციისკენ არის მიმართული”, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, აღინიშნება, რომ სომხეთი მსგავსი პროვოკაციული ქმედებით სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში მესამე ქვეყნების ჩათრევას ცდილობს და, ასევე, რომ მოწინააღმდეგის პროვოკაციები მომავალშიც იქნება აღკვეთილი.