11 ივლისი ტარიელ ჭანტურიას დაბადების დღეა

11 ივლისი პოეტისა და მთარგმნელის, ტარიელ ჭანტურიას დაბადების დღეა. მას 88 წელი შესრულდა.

გამომცემლობა „ინტელექტი“ ულოცავს მას დაბადების დღეს და აღნიშნავს, რომ მალე ტარიელ ჭანტურიას ახალი კრებული გამოვა – „88“.

ივანე ამირხანაშვილი:
„არაფერი პოეტური მისთვის უცხო არ არის. სალექსო გამოსახვის ყველა საშუალებას ზედმიწევნით ფლობს. იცის წარმოსახვათა ფორმირების საიდუმლოებანი. მაგრამ მისთვის მთავარი სიტყვაა. ლექსის მასალად იყენებს არა მეტაფორებსა და სახეებს, არამედ სიტყვას. სიტყვის პრიმატი – უმაღლესი პოეტური პილოტაჟი. ოღონდ ეს არ ჩანს. ისმის, იგრძნობა, როგორც ყველა ჰარმონია.

ვინ არის იგი? – ნოვაციების ოსტატი, პარადოქსების ვირტუოზი, ექსპერიმენტების მეფე, რითმების ჯადოქარი თუ რიტმების არქიტექტორი? ძნელია თქმა. მოუხელთებელია მისი ლექსი, თევზივით სხმარტალებს, რაც უფრო აკვირდები, მით უფრო გისხლტება ხელიდან. ოღონდ ერთი რამ უდავოა – ყოველი ქმნილება მისი სავსეა შუქით, სიცოცხლით, აზრით, იუმორით.

ტარიელ ჭანტურიას ლექსი, რასაც უნდა ეხებოდეს – სამშობლოს, ქალს, ცას, მიწას თუ ბალახს – შემოქმედებითი დისციპლინისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ნიშნითაა აღბეჭდილი. მან შექმნა თავისი სტილი, თავისი მანერა, თავისი სიტყვა. თანამედროვე ქართული პოეზიის პრესტიჟს მისი ლექსიც განსაზღვრავს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები