გორში ისტორიული სამეფო ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება

გორში ისტორიული სამეფო ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება. რეაბილიტაციის პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის მერს, კონსტანტინე თავზარაშვილს გააცნეს. შეხვედრას ესწრებოდნენ შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე – სიმონ გულედანი და სამეფო ქუჩის მცხოვრებლები.

,,ეს საუკუნის პროექტია გორში, სამეფო ქუჩას ასეთი მასშტაბის რეაბილიტაცია არ ჩატარებია”, – განაცხადა პროექტის გაცნობის შემდეგ მსახიობმა, მერაბ ჭანკოტაძემ, რომელიც შეხვედრას სამეფო ქუჩის მცხოვრების სტატუსით ესწრებოდა.

მგფ-ის წარმომადგენლის განცხადებით, მშენებელი კომპანიის შესარჩევად ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება, ხოლო ქუჩის რეაბილიტაცია 2021 წელს დასრულდება. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განახორციელებს.

პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია ქუჩის სამანქანო და საფეხმავლო გზებისა და სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია; ტროტუარზე მოეწყობა ქვაფენილი, დამონტაჟდება ახალი, თანამედროვე ტიპის გარე განათება, დეკორატიული სკამები, ურნები, სასმელი წყლის შადრევანი, მოეწყობა გამწვანების ზოლი. პროექტი მოიცავს, ასევე, ყველა ტიპის კომუნიკაციის (ელექტროსადენები, გაზის, წყლისა და კანალიზაციის) ახალი მიწისქვეშა ქსელების მოწყობას, რაც აქამდე აღნიშნულ ქუჩას არ ჰქონია.

,,ჩვენი ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია, რადგან სამეფო ქუჩა ისტორიული ქუჩაა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობებით. დღეს ეს ქუჩა ნაწილია იმ დიდი პროექტებისა, რაც განხორციელდა და რაც უახლოეს მომავალში განხორციელდება ჩვენს ქალაქში – ბარნოვის ქუჩისა და გორისციხის მიმდინარე პროექტები, სამეფო ქუჩის, ბარნოვის მეორე ნაწილის, ძველი ხიდისა და ახალბაღის დაგეგმილი პროექტები ერთიან ახალ სივრცეს შექმნის, რაც ხელს შეუწყობს გორის ისტორიული უბნის გალამაზებასა და მეტი ტურისტის მოზიდვას”, – განაცხადა გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები