ირაკლი კოვზანაძე: ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები დაბეგვრის ნაწილში თითქმის შესრულებულია

„პარლამენტი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე ინტენსიურად მუშაობს, მათ შორის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ჩართულობა ამ პროცესში განსაკუთრებით აქტიურია. ფაქტობრივად,  კომიტეტმა დაბეგვრის ნაწილში ვალდებულებები შეასრულა. ევროდირექტივებთან ჰარმონიზაცია კი ჩვენი ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია”, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ ფინანსური მომსახურების, აუდიტისა და საგადასახადო სფეროში ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების 2020 წლის სამოქმედო გეგმის კომენტირებისას განაცხადა.
“საგადასახადო კოდექსში საკმაოდ კომპლექსური ცვლილებები განხორციელდა, რაც, პირველ ყოვლისა, დღგ-ის მიმართულებას ეხება. ეს არის მნიშვნელოვანი პაკეტი, კომპლექსური როგორც გადახდის გამარტივების კუთხით, ასევე – საკმაოდ ინვენტარიზებული დახასიათებაა დღგ-ის თვალსაზრისით”, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

გარდა ამისა, როგორც კომიტეტის თავჯდომარემ აღნიშნა, ევროკავშირში შესაბამის დირექტივებზე დაყრდნობით პარლამენტმა უკვე მიიღო მთავრობის მიერ ინიცირებული „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” კანონში ცვლილება, რაც, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ფასიანი ქაღალდების ბაზრის გამჭვირვალობასა და ამ პროცესისადმი ინვესტორის მაღალ ნდობას უზრუნველყოფს.
​რაც შეეხება სხვა შესრულებულ ევროდირექტივებს: პარლამენტმა 2019 წლის საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცა „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ” საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, საქართველოში კაპიტლის ბაზრის განვითარებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.

ასევე, დირექტივასთან დაახლოების მიზნით, საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის მაისში მიიღო კანონი – „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ”. 2020 წლის 1-ელი ივლისიდან დეპოზიტების დაზღვევის ზღვარი 5000-დან 15 000 ლარამდე გაიზარდა.

შესრულებულ ვალდებულებებშია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო პაკეტი საგადასახადო კუთხით: ახალი საბაჟო კოდექსი, რომელიც პარლამენტმა გასული წლის 28 ივნისს მიიღო და 2019 წლის 1-ელისექტემბერიდან ამოქმედა.

„კოდექსით გათვალისწინებულია საქართველოში ევროკავშირის მსგავსი საბაჟო პროცედურების დანერგვა, ამასთან, შენარჩუნებულია ყველა მარტივი პროცედურა, რაც საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების ერთიან ადმინისტრირებას უკავშირდება”, -აღნიშნა კოვზანაძემ.

ცნობისათვის, ​ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2020 წლის სამოქმედო გეგმის მიმდინარეობისა და შესრულების ანგარიშები საფინანსო-საბიუჯეტო და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე გუშინ მოისმინეს და ცნობად მიიღეს.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები