ზღვისპირეთში ნალექის ინტენსივობა იკლებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ზღვისპირეთში ინტენსიური ნალექი იკლებს, თუმცა ხანმოკლე ხასიათის წვიმა მაინც მოსალოდნელია.
როგორც მან “კვირას” განუცხადა, 13-14 ივლისს საქართველოს უმეტეს რეგიონში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს.
“დასავლეთში, დაბლობ და სანაპირო რაიონებში ნალექის ინტენსივობა იკლებს, თუმცა შუადღეს მაინცაა ხანმოკლე ხასიათის წვიმა მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა შაბათ-კვირას ზღვისპირეთში +25-28 გრადუსი იქნება.
13-14 ივლისს კვლავ უმეტეს რაიონში გაწვიმდება, ზოგან შესაძლებელია, ზომიერ ნალექზე მეტი იყოს. ტემპერატურა დაიკლებს და დასავლეთში, დაბლობ რაიონებში +26-28 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, მთიან რაიონებში კი 1-2 გრადუსით მეტი იქნება. 15 ივლისიდან რამდენიმე დღით გამოიდარებს.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, 11-12 ივლისს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან – ელჭექი, შესაძლებელია სეტყვაც. ტემპერატურა ხვალ დაიკლებს და ბარში +26-28 გრადუსი იქნება.
დედაქალაქში კი ხვალ უმეტესად წვიმიანი ამინდია და ტემპერატურა +26 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო კვირას შესაძლებელია, რამდენიმე გრადუსით მოიმატოს.
უმეტესად, უნალექო ამინდები 14-15 ივლისს იქნება, ხოლო ჰაერის ტემპერატურა +32-34 გრადუსი დაფიქსირდება”, – აღნიშნა დოდო გვაზავამ.