„გადავარჩინოთ ტურიზმი“ – აქცია, პერფომანსი 4 მოთხოვნით

ორშაბათს ტურისტული ინდუსტრიის წამომადგენლები მთავრობის კანცელარიასთან აქციის გამართვას გეგმავენ. როგორც ტურისტული კომპანიის, “ტრაფიკ თრეველის” მმართველი პარტნიორი, ცოტნე ჯაფარიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, აქცია სოციალური ხასიათისაა და ის პოლიტიკური პარტიების გარეშე ჩატარდება.

“მოგეხსენებათ, გუშინ ხელისუფლებამ დაანონსა, რომ ხუთი ქვეყნისთვის გახსნიან საჰაერო საზღვრებს. ესენია: გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა. ეს არის მცირე ნაბიჯი, მაგრამ, ცხადია – სავსებით არა საკმარისი. დღევანდელი განცხადების შემდეგ, ჩვენს მოთხოვნებს დაემატა ლეგიტიმური და ლოგიკური მოთხოვნები.

1 – გაიხსნას რეგულარული და არა – ჩარტერული რეისები (რომელიც არც იყო ჩვენს მოთხოვნებში);

2 – მთავრობამ უზრუნველყოს საჰაერო სივრცეში იმ კომპანიების დაბრუნება, რომლებიც წარმატებით ოპერირებდნენ და ახორციელებდნენ რეგულარულ ფრენებს;

3 – გაუქმდეს საკარანტინე სივრცეები საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც ბრუნდებიან სამშობლოში იმ ხუთი ქვეყნიდან, რომელთათვისაც გაიხსნა საჰაერო სივრცე;

4 – დროულად ითქვას რეგულარული ფრენების თარიღები, რათა კერძო სექტორი კიდევ ერთხელ არ შერცხვეს თავის უცხოელ პარტნიორებთან, რაც არა თუ ახლა, გრძელვადიან პერსპექტივაში პოვებს გამოუსწორებელ პრობლემებს;

მოვუფრთხილდეთ ქვეყნისა და კერძო სექტორის რეპუტაციას.

აქცია დაიწყება შავთელის ქუჩაზე 12 საათზე, გაბრიაძის მარიონეტების თეატრთან, რის შემდეგაც მსვლელობით ავალთ სახელმწიფო კანცელარიასთან. აქციას ექნება პერფორმანსის სახე”, – წერს ჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები