10 ივლისი რევაზ ლაღიძის დაბადების დღეა

1921 წლის 10 ივლისს ბაღდათის რაიონის სოფელ ობჩაში კომპოზიტორი და პედაგოგი რევაზ ლაღიძე დაიბადა. მას 99 წელი შესრულდებოდა.
1939 წელს დაამთავრა თბილისის IV სამუსიკო სასწავლებელი  (სავიოლინო), 
1948 წელს – ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია  (საკომპოზიციო).

1941–1944წწ. ვიოლინოზე უკრავდა სიმფონიურ ორკესტრებში; იგი ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას, იყო პუშკინის სახელობის თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის მუსიკის კათედრის გამგე; 1964 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი (კამერული ანსამბლი).
ის სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ნაწარმოებების ავტორია, მას ეკუთვნის: სიმფონიური პოემა „სამშობლოსათვის”(1949), სიმფონიური სურათი „საჭიდაო”(1952), მუსიკალური კომედიები „მეგობრები”(1951), „კომბლე” (1957), ოპერა „ლელა”(1973), რამდენიმე საგუნდო სიმღერა-კანტატა („სიმღერა სამშობლოზე”, „ბალადა ვაზზე”, „ოდა მესხეთზე”, „მოხეური ბალადა”), საფორტეპიანო („ტოკატა”) და ჩელოს („პოემა”, „ელეგია”) პიესები, ერთნაწილიანი კანტატა „მელის ვარძია“ შერეული გუნდისა და ორკესტრისათვის (1966, ირ. აბაშიძის ლექსზე ციკლიდან „რუსთაველის ნაკვალევზე”);
მუსიკა სპექტაკლებისა (გ. ქელბაქიანის „ახალგაზრდა მასწავლებელი”, ლ. ქიაჩელის „ტარიელ გოლუა”, სულ 40-ზე მეტი), კინოფილმებისათვის („საბუდარელი ჭაბუკი”, „ნინო”, „ზვიგენის კბილი”, „ხევისბერი გოჩა”, სულ 30-ზე მეტი).
ნაყოფიერად მუშაობდა სიმღერის ჟანრში, დღემდე პოპულარულია „სიმღერა თბილისზე”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები