როდიდან იწყება ქართული მწერლობა სინამდვილეში?  – რატომაა  „წმინდა ნინოს ცხოვრება“ ქართული ქრისტიანული მწერლობის უპირველესი ნაწარმოები

ლალი ურდულაშვილი

ფილოლოგიის  დოქტორმა, მკვლევარმა და რევაზ სირაძის სკოლის წარმომადგენელმა ლალი ურდულაშვილმა ამ რამდენიმე ხნის წინ „კვირასთან“ ინტერვიუში გაახმიანა საინტერესო ფაქტი,  თუ ბატონი რევაზ სირაძე სოცოცხლის ბოლომდე  როგორ დაუცხრომლად იკვლევდა წმინდა ნინოს ცხოვრებასა და მოღვაწეობას. მან გამოთქვა სავსებით დასაბუთებული მოსაზრება, რომ ქართული ქრისტიანული ლიტერატურანინოს ცხოვრებითიწყება და არა შუშანიკის წამებით“, რითიც გადაათარიღა ჩვენი მწერლობის  დასაბამად მიჩნეული ხანა.
ჩვენ დავუკავშირდით ლალი ურდულაშვილს და ვთხოვეთ, დაწვრილებით მოეთხრო დიდი მეცნიერის ამ მოსაზრების შესახებ.

 – ქალბატონო ლალი, ქართული ქრისტიანული წერილობითი სიტყვიერების დასაწყისად დღემდე მე-5 საუკუნის ძეგლი „შუშანიკის წამება“ ითვლება. თუმცა ეს პრობლემა ბატონმა რევაზ სირაძემ გასული საუკუნის მიწურულს გადაწყვიტა. მან გადაათარიღა ჩვენი მწერლობის დასაწყისი…
– ალბათ დადგა დრო, რომ ჩვენს ლიტერატურათმცოდნეობაში გააქტუალურდეს ეროვნული მწერლობის ის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რასაც ქართული ქრისტიანული წერილობითი სიტყვიერების დასაწყისი ჰქვია. აღნიშნული პრობლემა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს მწყობრი მეცნიერული განსჯითა და სიზუსტით გადაჭრა პროფესორმა რევაზ სირაძემ თავის ბრწყინვალე მონოგრაფიაში „წმინდა ნინოს ცხოვრება“ და დასაწყისი ქართული აგიოგრაფიისა.“ (1997).

რევაზ სირაძე

ამთავითვე უნდა ითქვას, რომ რევაზ სირაძის აღნიშნული ნაშრომი ქართულ ფილოლოგიაში იყო საუკუნის მიგნება, რომელმაც გადაათარიღა ჩვენი მწერლობის დასაწყისი.

მრავალწლიანი რუდუნებული შრომის შედეგად, მისთვის დამახასიათებელი მაღალაკადემიური პროფესიონალიზმით, დამაჯერებელი მეცნიერული არგუმენტაციით, რევაზ სირაძემ დაასკვნა, რომ ქართული მწერლობის უპირველესი წერილობითი ძეგლი არის „წმინდა ნინოს ცხოვრება“ და არა „შუშანიკის წამება“.
ამ მოსაზრებას არაერთმა მეცნიერმა დაუჭირა მხარი, მათ შორის ისტორიკოსებმაც . მისი სამეცნიერო სკოლის წარმომადგენლები, რომლებიც იზიარებდნენ თავიანთი დიდი მასწავლებლის თვალსაზრისს, ქართული ლიტერატურის სწავლებას იმთავითვე აღნიშნული ნაწარმოებით იწყებდნენ, რაც მათ სილაბუსებშიც იყო ასახული, თუმცა დღემდე სათანადოდ არ არის ყურადღებული და გაზიარებული ბატონი რეზოს მიერ მეცნიერულად არგუმენტირებული კვლევის შედეგები. მან ტექსტის რედაქციათა შედარება-შეპირისპირების საფუძველზე, ბერძნულ-სომხურ წყაროთა შეჯერებითა და ისტორიული მასალის გათვალისწინებით მოახდინა უძველესი ტექსტის რეკონსტრუირება, განაცალკევა პირველადი პლასტები და მიიღო დასკვნა, რომ „წმინდა ნინოს ცხოვრების“ უძველესი და უპირველესი რედაქცია მე-4 საუკუნის მეორე ნახევარს განეკუთვნება.
– კვლევის რა მეთოდები გამოიყენა ბატონმა რეზომ? ცნობილია, რომ „წმინდა ნინოს ცხოვრება“ რამდენიმე რედაქციითაა მოღწეული…
– შევეცდებით გამოვკვეთოთ კვლევის ის ახლებური მეთოდები, რომლებიც დასახა ბატონმა რეზომ „წმინდა ნინოს ცხოვრების“ საანალიზოდ, ნათელი მოჰფინა ძეგლის შექმნის რეალურ ვითარებას და შეცვალა ქართული ქრისტიანული მწერლობის დასაბამად დღემდე მიჩნეული თარიღი.
სამართლიანად მიუთითებენ, რომ „წმინდა ნინოს ცხოვრება“ ქართულ აგიოგრაფიულ მწერლობაში და, ზოგადად, ლიტერატურაში, ყველაზე უფრო საკამათო და რთული თავგადასავლის მქონე ტექსტია. იგი ჩვენამდე მოღწეულია მოგვიანო ხანის რამდენიმე რედაქციით. ესენია:
1. შატბერდული (მე-10 ს.) და ჭელიშური (მე-12ს.) , რომელსაც შატბერდულ -ჭელიშურს უწოდებენ.
2. ლეონტი მროველისეული (მე-11 ს.)
3. არსენ ბერისეული (მე-12 ს.)
4. ნიკოლოზ გულაბერისძის „საკითხავი სვეტიცხოვლისაი“ (თამარის დროის მოღვაწე).
5. ანონიმი ავტორის ეული (მე-13ს.)
6. ვახუშტი ბატონიშვილის საქართველოს ისტორიაში მოცემული თხრობა.
უპირველესი და უძველესი ტექსტი, ავბედობისა თუ სხვა ვითარების გამო, დაკარგულია.

პროფესორმა რევაზ სირაძემ თავის სამეცნიერო მოღვაწეობაში უმნიშვნელოვანესი ადგილი დაუთმო აღნიშნული ძეგლის კვლევასა და რეკონსტრუირებას. ამის ნათელი დასტურია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების 30-ე და დაბადების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კრებული“წმინდა ნინო“(1-ლი ტ, 2008 , მე-2 ტ. 2014) , პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი რევაზ სირაძე.
1997 წელს გამოცემულ თავის ფუნდამენტურ ნაშრომში მეცნიერი მიმოიხილავს აღნიშნული საკითხის შესწავლის ისტორიას და მიუთითებს, რომ ჯერ კიდევ დ. ბაქრაძე გამოთქვამდა სავსებით დასაბუთებულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ძველი ბერძენი ისტორიკოსები (რუფინუზი, სოზომენე და სხვები), ასევე მოვსეს ხორენაცი, ქართლის მოქცევის ამბების გადმოცემისას ქართულ  წყაროებს ეყრდნობოდნენო, ხოლო ეს ავტორები მეოთხე-მეხუთე საუკუნეებს განეკუთვნებიან. ტექსტის ადრეულობის თვალსაზრისს თავის დროზე გამოთქვამდა სხვადასხვა თაობის არაერთი მეცნიერ–მკვლევარი, ფილოლოგებიც და ისტორიკოსებიც. განსაკუთრებით საგულისხმოა მარინე ჩხარტიშვილის გამოწვლილვითი სამეცნიერო კვლევა ამ კუთხით.
– კონკრეტულად რას ეფუძნება რევაზ სირაძის ანალიზი?
– რევაზ სირაძე თავის მონოგრაფიაში აღნიშნული ტექსტის ანალიზს ორი კონკრეტული მიმართულებით გვთავაზობს: 1. „წმინდა ნინოს ცხოვრების“ ეპიზოდების ცალკეულად შესწავლა, 2. ნაწარმოების მხატვრული განსახოვნების თავისებურება.
ამჯერად ჩვენი ინტერესის საგანს წარმოადგენს რევაზ სირაძის სამეცნიერო დებულებათა წარმოჩენა ნაწარმოების დათარიღების ასპექტით. კვლევის ორიენტირად მეცნიერი ისახავს ტექსტში არსებული უძველესი ლიტურგიულ -ეორტალოგიური საკითხავების ცალ-ცალკე გამოვლენასა და მათ დაწვრილებით შესწავლას. ძეგლის დათარიღების ამგვარი მცდელობა მეცნიერულ სიახლეს წარმოადგენს და მკვლევრის დამსახურებად უნდა ჩაითვალოს. წინამორბედი მეცნიერები „წმინდა ნინოს ცხოვრებას“ ერთიან აგიოგრაფიულ ძეგლად მიიჩნევდნენ და შესაბამისად ცდილობდნენ მის დათარიღებას, რევაზ სირაძე ტექსტის ანალიზის სრულიად ახლებურ, საკუთრივ მისეულ ინტერპრეტაციას გვთავაზობს.  ტექსტზე მრავალმხრივი დაკვირვების შედეგად, მეცნიერი „წმინდა ნინოს ცხოვრების“ მთავარ ეპიზოდებს, ანუ როგორც თავად უწოდებს – ფაბულურ ციკლებს – ცალ-ცალკე იკვლევს ფილოლოგიური კუთხით, რათა განსაზღვროს მათი ლიტერატურული და ისტორიული ღირებულება. საკითხავთა გამოყოფის პრინციპად მეცნიერი მიმართავს შემდეგ სქემას:
1. ეორტალოგიურ ანუ (სადღესასწაულო) კალენდართა გათვალისწინება,
2. ტექსტობრივი ანალიზი,
3. საისტორიო წყაროები;
4. საერთო ქრისტოლოგიური პრინციპები.
გამოწვლილვით დაკვირვების შედეგად, რევაზ სირაძე ადგენს, რომ ნაწარმოებში ხდება ძველ წარმართულ წარმოდგენათა დესაკრალიზება და მათთვის სრულიად ახლებური მნიშვნელობის მინიჭება ქრისტიანული მსოფლხედვის შუქზე. ამის ნიმუშად ის უპირველესად აცხადებს თვით ნინოს სახეს, რომლის პირველხატიც უნდა ყოფილიყო რომელიმე წარმართული ქალღვთაება ანუ დედუფალი. შემდგომ ამისა, სვეტი-ცხოველს, რომელიც ქართული კერის დედაბოძის გარდასახული იდეაა, ასევე ნინოს ლოცვას ერთ-ერთ ხეზე კერპთა მსხვრევის შემდეგ. ეს რიტუალი მას წარმართულ ხეთა კულტის გამოძახილად მიაჩნია, ხოლო 25 მარტს საჯვრე ხის მოჭრა , მეცნიერის აზრით, ხეთა თაყვანისცემის უძველეს ტრადიციას ეფუძნება. რევაზ სირაძის განსჯით, ძველი წარმოდგენების ახლებური გადააზრების ტენდენცია ნიშანდობლივი იყო სწორედ ქრისტიანობის შემოსვლის შემდგომ ქართლში. ძეგლში აღწერილი აღნიშნული ეპიზოდები ხელს უწყობს მის დათარიღებას ნინოს მოღვაწეობის ხანით, რომელიც მე-4 საუკუნის მე-2 ნახევარს განეკუთვნება. ამასვე ადასტურებს ნაწარმოების ლიტურგიულ-ეორტალოგიური ანალიზიც.
„წმინდა ნინოს ცხოვრების“ ნარატივიდან გამომდინარე, უძველეს ფენად, მეცნიერის ფიქრით, უნდა ჩაითვალოს თავად წმინდა ნინოს სიკვდილისწინა ეპიზოდში წარმოთქმული სიტყვები, რომელთა მიხედვით, საგანგებოდ საყურადღებოა ნინოს თავგადასავალი, მთის სასწაულები, მაყვლოვანში ლოცვანი, სვეტი-ცხოვლის აღმართვა, წყაროს სასწაულები. აქ არ ჩანს მზის დაბნელების მომენტი თხოთის მთაზე, თუმცა მას იცნობს „წმინდა ნინოს ცხოვრების“ ყველა რედაქცია. ის ჩანს ასევე ყველა უძველეს ბერძნულ წყაროში, რომლებიც ეხება ქართლის მოქცევის ამბებს.
მზის დაბნელებისა და სვეტიცხოვლის აღმართვის ეპიზოდები რევაზ სირაძეს ნაწარმოების უძველეს შრეებად მიაჩნია, მით უმეტეს, რომ ამბავი სვეტიცხოვლის აღმართვის შესახებ, ზედმიწევნით აქვს გადმოცემული გელასი კესარიელს თავის თხზულებაში. – წერს მეცნიერი. სვეტიცხოვლის სასწაულებრივი აღმართვა წმ. ნინოს მიერ „ქართული ეკლესიის დაფუძნებას მოასწავებდა.„ ეს იყო „პირველი ქართული ტაძრისა და მთელი ქართული ეკლესიის დედაბოძი“. შემდგომ უკვე ღვთაებრივ ნათლის სვეტად გარდასახული სვეტი-ცხოველი იქცა შემაერთებლად ქართული მიწისა ღვთაებრივ ზეცასთან.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მკვლევარი აღადგენს ტექსტის უძველეს სტრუქტურას და მას შემდეგი სახით წარმოადგენს: მშობლები და ბავშვობა, კაბადოკიელობა, იერუსალიმი, ღვთისმშობლის ჩვენებანი, ჯვარი ვაზისა, დეკალოგის უწყება, გზა ჯავახეთიდან ურბნისში, არმაზის მსხვრევა, ლოცვა მაყვლოვანში, განკურნებანი, მზის დაბნელება, ჯვართა აღმართვა, სვეტიცხოვლის აღმართვა, გარდაცვალება.

რევაზ სირაძის არგუმენტაციით, თავდაპირველად „წმინდა ნინოს ცხოვრება“, ვითარცა საკითხავთა გამაერთიანებელი, უნდა შექმნილიყო, როგორც ლიტურგიული ძეგლი.“ ამასთან დაკავშირებით, მეცნიერი გვთავაზობს შემდეგი სახის დისკურსს:
„1. ნაწარმოების ძირითადი მინეოლოგიური თუ ლიტურგიულ-ეორტალოგიური ნაწილები შექმნილია მე-4 საუკუნეში.
2. არაერთი ზემოაღნიშნული ეპიზოდი გადმოცემული აქვთ მე-4-მე-5 საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწე ბიზანტიელ ისტორიკოსებს (სოზომენეს, რუფინუსს, თეოდორიტე კვირელს).
3. ნაწარმოებში ყურადღებულია სწორედ ისეთი პრობლემები, რომლებიც აქტუალური იყო მე -4 საუკუნეში. ესაა, მაგ.მზის ღმერთობის და მზის კულტის დაძლევის ტენდენცია და მისთანანი.
4. ღვთისმსახურების დაწესება აუცილებელს ხდიდა ქართული ეორტალოგიის დაწყებას ქვეყნის განმანათლებლის მოხსენიებით.
5. ნაწარმოების უმთავრესი პასაჟები ავთენტურობითაა აღწერილი და არ გვაქვს საფუძველი ისინი გამოგონილად მივიჩნიოთ.
6. ნაწარმოებში შემორჩენილია უძველესი კალენდარული ტრადიცია თვეთა რიგითობის მიხედვით“.
რაც შეეხება ავტორობის საკითხს, რევაზ სირაძე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ნაწარმოების თავების ზედწარწერილებში სხვადასხვა ავტორია დასახელებული. ჩანს სიდონია, აბიათარი, იაკობი, იოანე მთავარეპისკოპოსი, სალომე უჯარმელი, ხოლო პეროჟავრი სივნიელი – არა. მეცნიერის აზრით, ყველაზე ადრინდელად უნდა ჩაითვალოს ნინოს მიერ ბოდისიდან გამოგზავნილი წერილი მეფე მირიანისადმი. აქ ნინო მეფეს სთხოვს, რომ პატივით მიიღონ დედოფალი სოჯი. სწორედ ეს წერილი მიაჩნია უძველეს და უპირველეს ქრისტიანულ ნაწარმოებად მკვლევარს.
ტექსტის ფაბულურ ციკლზე დამყარებული კვლევის მეთოდის გამოყენებით, სომხურ და ბერძნულ წყაროთა გათვალისწინებით, ისტორიის ტელეოლოგიური კონცეფციის საფუძველზე, რომლის მიზანი იყო ჩვენში ქრისტიანობის შემოსვლა და დამკვიდრება, რევაზ სირაძე განარჩევს ძეგლში უძველეს ქრისტიანულ დანაშრევებს და დაასკვნის, რომ „წმინდა ნინოს ცხოვრება“ უნდა ჩაითვალოს უძველეს ქართულ ნაწარმოებად.
აღნიშნული სამეცნიერო შრომის სიღრმე და მასშტაბურობა იმაშიც გამოიხატება, რომ პროფ. რევაზ სირაძე გვთავაზობს კვლევის იმ ორიენტირებს, რომელთა გათვალისწინებაც მართებთ სამომავლოდ ამ ტექსტის მეცნიერულად შესწავლის მსურველთ. ესენია:
1.არსებულ რედაქციათა ურთიერთშეპირისპირება არა მხოლოდ მსგავსების წარმოჩენის მიზნით, არამედ გვიანდელ რედაქციებში ეპიზოდთა ადრეული ჩანართების გამოვლენის კუთხითაც,
2. რედაქციების ენობრივ თავისებურებათა გათვალისწინება,
3. ქართულ რედაქციათა შეჯერება უცხოურ წყაროებთან,
4. ეპიზოდთა კულტურულ–ისტორიული და ქრისტოლოგიური ანალიზი;
5.საკითხავთა ლიტურგიულ–ეორტალოგიური შესწავლა,
6. ქრონოლოგიურ მითითებათა დაზუსტება.
რევაზ სირაძის საბოლოო დასკვნით, „წმინდა ნინო ქართველთა ეროვნულ-აღმსარებლობითი იდეალის პირველსახეა, ქართული ქრისტოლოგიისა და სახისმეტყველების საფუძველთა-საფუძველია“.  ხოლო თავად „წმინდა ნინოს ცხოვრება“ არის ქართული ქრისტიანული მწერლობის უპირველესი ნაწარმოები, რომლის უძველესი შრეები მე-4 საუკუნის მე-2 ნახევარს განეკუთვნება.

ყოველივეს გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია პროფ.რევაზ სირაძის მოთხოვნა, რომ აღნიშნული ძეგლი ისწავლებოდეს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში არა როგორც საკითხავი მასალა, არამედ როგორც სავალდებულო საპროგრამო ტექსტი.

რევაზ სირაძის ეს უმნიშვნელოვანესი მეცნიერული მიგნება დიდი ხანია ელის თავის დამსახურებულ აღიარებასა და გაზიარებას ფილოლოგიურ მეცნიერებაში. დადგა დრო, გააქტუალურდეს ეროვნული მწერლობის ეს საკვანძო პრობლემა და საყოველთაოდ იქნეს დადასტურებული მისი მეცნიერული მართებულობა ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში.

ვფიქრობთ, წამოჭრილი საკითხის მხარდაჭერა არა მხოლოდ კულტუროლოგიური, არამედ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონეა.
ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის მაღალი ტრიბუნიდან ქართული წიგნის დასაბამად უნდა გაჟღერდეს მე4 საუკუნის მე2 ნახევრის აგიოგრაფიული ძეგლიწმინდა ნინოს ცხოვრებადა არა მე5 საუკუნის მე2 ნახევრისშუშანიკის წამება.“

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები