კიევში სეპარატისტების კურატორი დააკავეს, რომელიც მალაიზიური ბოინგის ტრაგედიასთან არის კავშირში

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის განცხადებით, კიევში  უკრაინის მოქალაქე კ. დააკავეს, რომელიც აგენტურულ ქსელს ხელმძღვანლობდა. ამ ქსელს ტერაქტებისა და დივერსიების სერია უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უნდა მოეწყო.

„2014-2020 წლების განმავლობაში მოქალაქე კ. არაღიარებული დნრ-ის (დონეცკის სახალხო რესპუბლიკა) ერთერთი მთავარი კურატორის  ფუნქციებს რუსეთის გრუ-ს (ГРУ РФ) ხაზით ასრულებდა. როგორც რუსეთის სპეცსამსახურების შტატგარეშე წარმომადგენელი, ის აქტიურ მონაწილეობას იღებდა ე. წ დნრ-ის სადაზვერვო სამმართველოსა და ამ ტერორისტული ორგანიზაციის სხვა დანაყოფების შექმნაში“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ დაკავებულს ბრალი  უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 258-3-ე მუხლის 1-ელი  ნაწილით წაუყენეს, რაც ტერორისტული ჯგუფის ან ტერორისტული ორგანიზაციის შექმნას გულისხმობს. უწყებამ დაკავებულისა და მასთან კავშირში მყოფი პირების სატელეფონო საუბრებიც გამოაქვეყნა.

„უსაფრთხოების სამსახურის განკარგულებაში არის კ.-ს სატელეფონო საუბრები, რაც ნათელს ხდის ГРУ-სა და ФСБ-ს შორის უწყებათაშორისო ომებს ტერორისტული ორგანიზაცია დნრ-ის „ხელმძღვანლებზე“ კონტროლის დასამყარებლად. ჩანაწერების ფიგურანტები საუბრებში ახსენებენ ФСБ-ს  დირექტორს, ალექსანდრ ბორტნიკოვს და მის მოადგილეებს  – ანდრეი ბურლაკასა და სერგეი სმირნოვს, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს ვლადისლავ სურკოვს, დნრ-ის ხელმძღვანლებს: ალექსანდრ ზახარჩენკოს, ალექსანდრ ბოროდაისა და სხვებს. ასევე, გამოქვეყნებული სატელეფონო ჩანაწერების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს კ.-ს საუბრები ГРУ-ს გენერალ-მაიორ სერგეი დუბინსკისა და ლეონიდ ხარჩენკოსთან, რომლებიც 2014 წელს, მალაიზიური ბოინგის ჩამოგდების საქმესთან შემხებლობის გამო, საერთაშორისო ძებნაში არიან გამოცხადებულნი”, -ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფისში აცხადებენ, რომ, გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული მოქალაქე, ხელმძღვანლობდა აგენტურულ ქსელს, რომელსაც ტერორისტული და დივერსიული აქტები უკრაინის ხელისუფლების კონტროლქვეშ არსებულ ტერიტორიაზე სწორედ მისი ბრძანებით უნდა მოეხდინა.

ასევე, დადგენილია, რომ დნრ-ის ე. წ სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანლები და წარმომადგენლები პირდაპირ კავშირში არიან მალაიზიური „ბოინგი“-ს ტრაგედიასთან, რამაც 298 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია.

მალაიზიური კომპანიის ბოინგი 777, რომელიც ამსტერდამიდან კუალა ლუმპურში MH17-ის რეისით  მიფრინავდა, 2014 წლის 17 ივლისს უკრაინელი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩამოვარდა. დაიღუპა ყველა მგზავრი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ.

საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის (JIT) დასკვნით, ამ თვითმფრინავს რუსული სამხედრო ბაზის კუთვნილი საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ბუკი“-დან გასროლილი რაკეტა იმ ტერიტორიიდან  ესროლეს, რომელსაც პრორუსი სეპარატისტები აკონტროლებდნენ, ხოლო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ „ბუკი“ ისევ რუსულ ბაზაზე, კურსკის ოლქში დააბრუნეს. 2018 წლის მაისში ნიდერლანდებმა და ავსტრალიამ რუსეთი რეის MH17 -ის ჩამოგდებაში ოფიციალურად დაადანაშაულა, თუმცა კრემლი  ამ ბრალდებებს დღემდე კატეგორიულად უარყოფს და მასობრივ პროპაგანდისტულ შეტევებს ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 9 მარტს ჰააგის საოლქო სასამართლოში მალაიზიური ბოინგის ჩამოგდების საქმეზე უპრეცედენტო პროცესი დაიწყო. დაუსწრებლად ბრალი წაყენებული აქვთ რუსეთის მოქალაქეებს: იგორ გირკინს, სერგეი დუბინსკის, ოლეგ პულატოვს, ხოლო მეოთხე ბრალდებული უკრაინის მოქალაქე, ლეონიდ ხარჩენკოა.

გაერთიანებული საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფიც (JIT) და ევროპელი გამომძიებელი ჟურნალისტები  მუდმივად აქვეყნებენ იმ სხვადასხვა ინფორმაციას, ფაქტსა და მტკიცებულებას, რაც  მალაიზიური ბოინგის ტრაგედიის ირგვლივ კრემლის მაღალჩინოსნების შემხებლობას ადასტურებს.

ცოტა ხნის წინ გავლენიანმა BBC-მ, Bellingcat-მა და Insider-მა  ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნეს, რომელშიც ФСБ-ს სასაზღვრო სამსახურის უფროსის მოადგილე გენერალ-მაიორი, ანდრეი ბურლაკა ფიგურირებს. საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის მასალებში ის ფსევდონიმით – „ვლადიმერ ივანოვიჩი“ ფიგურირებდა. 2019 წელს (JIT)-ის მიერ გაშიფრულ სატელეფონო საუბრებში არაღიარებული დონეცკის რესპუბლიკის წარმომადგენლები „ვლადიმერ ივანოვიჩს“ უკრაინის აღმოსავლეთში სამხედრო ოპერაციის ხელმძღვანლად ასახელებენ. დნრ-ის ექს-თავდაცვის მინისტრი, იგორ სტრელკოვი კი ჩანაწერში ამბობს, რომ სწორედ მის ბრძანებებს ემორჩილება.   Bellingcat-ის ინფორმაციით, ბურლაკა  2014-15 წლებში ხშირად ჩადიოდა როსტოვში, ყირიმსა და კრასნოდარში. ეს სწორედ ის ქალაქებია, რომლებიც „უკრაინული ოპერაციის მართვის სამ ცენტრად“ არის მონათლული.

რუსეთის ხელისუფლება დღემდე არ აღიარებს, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა. რუსეთის ხელისუფლება დღემდე არ აღიარებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები აწარმოა და მისი ტერიტორიების ანექსია მოახდინა. რუსეთის ხელისუფლება დღემდე არ აღიარებს, რომ უკრაინელ სეპარატისტებს სამხედრო, ტაქტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას უცხადებდა, რის შედეგადაც, მათ შორის, „მალაიზიური ბოინგის“ ბორტზე მყოფი 298 ადამიანი დაიღუპა;  რუსეთის ხელისუფლების ქმედებების გამო, რუსეთის ფედერაციას ევროპამ და აშშ-მა ეკონომიკური სანქციები დაუწესეს.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები