ბრაზილიელი ჟურნალისტები პრეზიდენტს სასამართლოში უჩივლებენ

ბრაზილიის პრესის ასოციაცია ქვეყნის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს სასამართლოში უჩივლებს, რადგან მან კონფერენციის დროს ჟურნალისტები საფრთხის წინაშე დააყენა, როდესაც განაცხადა, რომ კოვიდ-19-ით იყო ინფიცირებული.

ამის შესახებ ასოციაციის საიტზეა ნათქვამი.

“მიუხედავად იმისა, რომ მან იცოდა ინფიცირების შესახებ, ჟაირ ბოლსონარუმ დანაშაულებრივი ქმედება გააგრძელა და სხვა ადამიანების სიცოცხლე რისკის წინაშე დააყენა”, – ნათქვამია განცხადებაში.

აღინიშნება, რომ ბოლსონარუმ ექიმების მიერ რეკომენდებული იზოლაციის რეჟიმი დაარღვია და მედიის წარმომადგენლები იმისთვის შეკრიბა, რომ მათთვის პირადად ეცნობებინა ეს ამბავი.

ასოციაციაში ქვეყნის პრეზიდენტს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლის დარღვევაში ადანაშაულებენ, რამაც ჯარიმა და თავისუფლების აღკვეთა შეიძლება, გამოიწვიოს.

ბოლსონარუმ კორონავირუსით ინფიცირების შესახებ მედიას გუშინ აცნობა.

მიუხედავად იმისა, რომ მას, როგორც ადგილზე მყოფ, მედიის ყველა წარმომადგენელს, პირბადე ეკეთა, ბოლსონარუ დისტანციას არ იცავდა. განცხადების ბოლოს, ბრაზილიის პრეზიდენტი ჟურნალისტებს რამდენიმე მეტრით მიუახლოვდა და ნიღაბი მოიხსნა იმის სადემონსტრაციოდ, რომ თავს კარგად გრძნობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები