ჟურნალი „ანეული“ – ლონდონის ბაღის სტუმარი

თბილისში, ვორონცოვზე, ლონდონის ბაღში, ღია ცის ქვეშ, ლიტერატურულ ჟურნალ „ანეულის“ 2020 წლის ახალი ნომრის №1-2 (მარტი-ივნისის) პატარა წარდგენა და ავტორებთან შეხვედრა გაიმართა.
ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა, ფილოლოგიის დოქტორმა თამარ შაიშმელაშვილმა აღნიშნა, რომ პანდემიის გამო ორი ნომერი გაერთიანებული დაიბეჭდა, ავტორებთან შეხვედრაც ღია ცის ქვეშ გადაწყდა, რეკომენდაციების დაცვით…
„პანდემიის პერიოდში პირველად მოხერხდა, რომ ღია ცის ქვეშ შევხვდით ავტორებს, ჩვენს ერთგულ მკითხველებს. ვისაუბრეთ უახლოეს გეგმებზე, მომავალი №3 ნომრის გამოცემაზე, რომელსაც სექტემბრის ბოლოს ელოდება მკითხველი“…

პოეტმა, თბილისის საპატიო მოქალაქემ თემურ ჩალაბაშვილმა აღნიშნა, რომ ვორონცოვზე ლონდონის ბაღი საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ზაფხულის სიცხისგან დაისვენო და ლიტერატურაზე ისაუბრო, „შადრევანთან მოუსმინო მწერლებს და თან ჟურნალსაც გაეცნო… ჟურნალს, რომელიც ჩვენი სასიქადულო მწერლის, რევაზ ინანიშვილის სახელს ატარებს“…
სიტყვით გამოვიდნენ: ჟურნალის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ჟურნალისტი ივანე ჯაფარიძე, ლიტერატორი და პოეტი ქეთევან შენგელია, პოეტი ჯუბა ღებელი, დიმიტრი ყიფიანის პირდაპირი შთამომავალი, მწერალი თამარ მიქაძე, „სუხიშვილების“ ოქროს ხანის მოცეკვავე და ჟურნალისტი თენგიზ უთმელიძე, სამაჩაბლოელი პოეტი ციცინო ბაბუციძე, პოეტი ბაღათერ არაბული, პოეტი ნინო არსენაშვილი, სოხუმელი კომპოზიტორი და მომღერალი ია მაისაია, მწერალი-ანალიტიკოსი გულნაზ გვალია, პოეტი მაია დიაკონიძე…
დამსწრე საზოგადოებას საკუთარი შემოქმედება გააცნეს ჟურნალში წარმოდგენილმა ავტორებმა: 11 წლის მხატვარმა ელენე ელყანიშვილმა, ახალგაზრდა პოეტმა გიორგი უერთაშვილმა, მწერალმა გაგა გოგრიჭიანმა, პოეტებმა: ნათელა გოხელაშვილმა და თინათინ ჭეჟიამ, პროზაიკოსებმა ცისნამი სულაშვილი -ბექაურმა, ირმა მირზაშვილმა…
გამომსვლელები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ჟურნალი, რომელიც 2013 წლიდან გამოდის და მისმა 27-მა ნომერმა უკვე იხილა დღის სინათლე, ღირსეულად აგრძელებს ლიტერატურულ ცხოვრებას. მართალია, ჟურნალი შემოწირულობებით გამოდის, მაგრამ მაინც მოახერხა მკითხველის სიყვარულის მოპოვება და საკუთარი ნიშა არ დაუკარგავს. ამაზე მეტყველებს ჟურნალთან არსებული „ერთი მოთხრობის“ კონკურსი, რომელიც რევაზ ინანიშვილის სახელობისაა და წელს მეთერთმეტედ უნდა გაიმართოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები