“მივმართავ დაკავებული და დაზარალებული პირების იმ ნაწილს, რომელსაც გიორგისთან ჰქონდა ბოლო შემხებლობა – გამოიყენეთ ბოლო შანსი და თქვით სიმართლე”, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, სასამართლო-სამედიცინო და გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნები არის ამ საქმის გასაღები.
„გიორგის გარდაცვალებიდან გავიდა 19 დღე, რომელმაც შეცვალა ჩვენი ცხოვრება ბევრი თვალსაზრისით. პირველ ყოვლისა, გიორგიმ თავის რამდენიმეღიანი არყოფნით უფრო მეტად გაგვზარდა სულიერად და მორალურად, ვიდრე ზ ჩვენი ცხოვრების განვლილმა ათწლეულებმა.
ყველაზე მთავარი, რაც გიორგის არყოფნამ გვასწავლა, არის ის, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს სამართლიანობის განცდაზე დიდ მტერი არ ჰყავს და იგივე ნაწილი საზოგადოებისა შემდგომ მთელი სერიოზულობით მსჯელობს „ძალადობის აღმოფხვრაზე“.
შესაბამისად, კიდევ ერთხელ დარწმუნდა ოჯახი მის მიერ არჩეული გზის სისწორეში, რომლითაც არ მისცა საშუალება, ათასი ჯურის ავანტიურისტს ბავშვის გარდაცვალება გადაექცია პოლიტიკურ სკანდალად და სანახაობად.
რაც შეეხება სამართლებრივ და ფაქტობრივ ვითარებას, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად ვიღაც ცდილობს ახალი „სკანდალის“ იმიტაციას, მიუხედავად იმისა, რომ დაბალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანთა ჯგუფები აწარმოებენ კარიკატურულ გამოძიებას, მიუხედავად იმისა, რომ ამ არასერიოზულობას ჰყავს მაყურებელიც და დამაჯერებილიც, ამით არაფერი იცვლება. ვართ იმ წერტილში, სადაც ვართ და გვაქვს ის პერსპექტივა, რომელსაც გარდაცვალების დღიდან ვაფიქსირებთ.
ახლა დგება ყველაზე საპასუხისმგებლო, ყველაზე მძიმე და ოჯახისთვის ყველაზე დამთრგუნველი ეტაპი, როცა უნდა გავიგოთ სიმართლე – რატომ მოგვიკლეს ახალგაზრდა, უდანაშაულო შვილი. ათასჯერ ვთქვი და კვლავაც ვიმეორებ, რომ სასამართლო-სამედიცინო და გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნები არის ამ საქმის გასაღები და ამას ჩვენ ძალიან მალე ვნახავთ. თუ ექსპერტიზებით დადგინდა გიორგის მიმართ განხორციელებული ძალადობა და განზრახ მკვლელობა, მერე დამნაშავეების დანდობა აღარ იქნება!
ვთხოვ ყველას, თქვენი ძალისხმევა მოგვაშველოთ სიმართლის დადგენაში და არა – სკანდალების გამოგონებაში (უკვე მეორედ მირეკავს გიორგის ატირებული დედა და მეკითხება: „რა დავუშავეთ ამ ხალხს, რატომ გვკლავენ ასე დაუნდობლად თავისი უპასუხისმგებლობის გამოვო“, რა ვუპასუხო?!), მივმართავ დაკავებული და დაზარალებული პირების იმ ნაწილს, რომელსაც გიორგისთან ჰქონდა ბოლო შემხებლობა – გამოიყენეთ ბოლო შანსი და თქვით სიმართლე, მეტი შანსი აღარ იქნება!
უღრმესი მადლობა ყველა ჟურნალისტს, სამართალდამცავს, მეგობარს, ნაცნობსა და უბრალო გულშემატკივარს, რომელთა თანადგომა გვასულდგმულებს დღემდე, არ იდარდოთ ჩემ გამო, მე სიმართლის გარდა არასოდეს არაფერი მაინტერესებს!“, – წერს მირიან ნიკოლაძე „ფეისბუქში“.