ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, სენაკში საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია ჩატარდა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებითა და ა(ა)იპ ”ქართული ოცნება – ჯანმრთელი მომავლის” ხელშეწყობით, 4-5 ივლისს სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის და, ასევე, სოციალურად შეჭირვებული და დევნილი მოსახლეობისათვის, მრავალპროფილური, უფასო სამედიცინო კვლევები (მათ შორის, ექოსკოპია, ელექტროკარდიოგრამა) ჩატარდა.
როგორც “კვირას” ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობა მიიღო 37-მა კვალიფიციურმა ექიმმა (თერაპევტი, კარდიოლოგი, ანგიოლოგი, ტრავმატოლოგი, ორთოპედი, უროლოგი, ონკოლოგი, ენდოკრინოლოგი, რევმატოლოგი, ოტო-რინო-ლარინგოლოგი, გინეკოლოგი, პედიატრი, ოფთალმოლოგი, გასტროენტეროლოგი, ზოგადი ქირურგი, ნევროლოგი, ნეიროქირურგი) შემდეგი კლინიკებიდან: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, სამედიცინო ცენტრი ”ვივამედი”, ალადაშვილის კლინიკა, საქართველო-ისრაელის ერთობლივი კლინიკა ”გიდმედი”, ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა და, ასევე, ა(ა)იპ ”ქართული ოცნება – ჯანმრთელი მომავლის” აკადემიურმა და სამედიცინო მედპერსონალმა.
“აქციის ფარგლებში, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება გაეწია 500-მდე პირს.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით პერმანენტულად ტარდება, რომელთა შესახებ ინფორმაციაც, უწყების ბენეფიციარებს, წინასწარ მიეწოდებათ”, – ნათქვამია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციაში.