“არ გამოვრიცხავ, რომ დაპატიმრებულთა რიცხვი გაიზარდოს” – რას ჰყვება გიორგი შაქარაშვილის ბიძა და რა გადაიღო ფოტოგრაფმა

“მასმედიაში თითქოს შემთხვევის ადგილის კადრებს აჩვენებენ, ამბობენ, ფაქტი აქ მოხდაო. არადა, ეს კადრები არაგვის გაღმა ნაპირზეა გადღებული, ბავშვი კი იქ ვერაფრით აღმოჩნდებოდა და ეს დადასტურებულია”, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

იურისტი მირიან ნიკოლაძე საქმის დეტალებზე ჰყვება და ამბობს, რომ იაკობ ბრეგვაძის ფოტოაპარატში არის ვიდეორგოლები და ფოტოები, ასევე – გადაადგილების ფოტოკოლაჟი, მას არ გადაუღია ტრასაზე ჩხუბის დეტალები და რაც გადაიღო საქმეში დევს.

“ჟურნალისტებთან ინტერვიუზე უარი ვთქვი იმის გამო, რომ დაიწყო სისულელეების მომზადება. ამას ჰქვია ქაოსი. ეს არის სუბიექტური მოსაზრებები და არ ეყრდნობა მტკიცებულებებს. მაგალითად, დიდი ხმაური მოჰყვა ფოტოაპარატის ამოღების ამბავს… გამოქვეყნდა კიდეც საქმეში არსებული ოპერატიული მუშაკის პატაკი, რომლის საფუძველზეც ჩამოართვეს იაკობ ბრეგვაძეს ფოტოაპარატი. თქვე დალოცვილებო, ან საქმის მასალებს გადახედეთ, ან კომენტარს საერთოდ ნუ გააკეთებთ. დიახ, სწორედ პატაკი გახდა ფოტოაპარატის გადაუდებელი ამოღების საფუძველი. პატაკი რომ არ დაწერილიყო, გამოძიება დროს დაკარგავდა, რადგან სასამართლოსთვის უნდა მიემართა, რათა მიეღო ჩხრეკისა და ამოღების ნებართვა, რაც გამოძიებას ორ დღეს მაინც დააკარგვინებდა. მაგრამ გამოძიებამ გამოსავალი იპოვა – დაწერა პატაკი და მიუთითა, რომ არსებობს მასალის დაკარგვის საფრთხე და, როგორც გადაუდებელი აუცილებლობა, ბრეგვაძეს ის ოპერატიულად ჩამოერთვა. დროულად გაუშვეს ექსპერტიზაზეც და უკვე დადგენილია, რა კადრებია ფოტოაპარატში.

იქ არის ვიდეორგოლები და ფოტოები, ასევე – გადაადგილების ფოტოკოლაჟი… მას არ გადაუღია ტრასაზე ჩხუბის დეტალები და რაც გადაიღო, საქმეში დევს, როგორც მტკიცებულება, ველოდოთ ექსპერტიზას. არც ბრეგვაძის ჩვენებაშია რაიმე შეუსაბამობა.

არ მესმის, რა გახდა ამ აჟიოტაჟის საფუძველი. საკუთარი თვალით ვნახე, პირდაპირი ეთერით როგორ კითხულობდნენ გუკა ამირხანაშვილის 19, 21 და 23 ივნისის ჩვენებებს და ბოლოს დაასკვნეს, თანაც ყველა შეთანხმდა, რომ, თურმე, თავდაპირველად ამირხანაშვილს არ დაუსახელებია ის პირები, რომლებიც დაედევნენ და არც ის უთქვამს, თავისუფლება უკანონოდ აღმიკვეთესო, საბოლოოდ კი – ჩვენება შეცვალაო… ამის მოსმენის შემდეგ სახტად დავრჩი. ამირხანაშვილი 19-შიც და 23-შიც წერს, თავისუფლება აღმიკვეთესო. მეტიც, ამბობს, რომ შეშინდა, როცა მანქანაში ჩასვეს, იყო ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ… ასეთ სასწაულს რომ უყურებ და უსმენ, რაღა უნდა თქვა?!

მასმედიაში თითქოს შემთხვევის ადგილის კადრებს აჩვენებენ, ამბობენ, ფაქტი აქ მოხდაო, არადა, ეს კადრები არაგვის გაღმა ნაპირზეა გადღებული, ბავშვი კი იქ ვერაფრით აღმოჩნდებოდა და ეს დადასტურებულია უამრავი ადამიანაის, მათ შორის, ბრალდებულებისა და დაზარალებულების გამოკითხვით. ესენი კი სხედან ეთერში და განიხილავენ, როგორ შეიძლებოდა, ბავშვი ხუთმეტრიანი კედლიდან გადავარდნილიყო არაგვში და ამაზეც მე მთხოვენ კომენტარს. ხალხო, იმ კადრებში დიდი ბეტონის კედელი რომ ჩანს, იმ ადგილას გიორგი არ ყოფილა. ის იქით არის, მდინარის მეორე ნაპირას, სადაც ბავშვს ფეხი არ დაუდგამს. ის მოხვდა აქეთა სანაპიროს, ჩანთაც იმ ბურჯზე იდო, რომელიც ამ მხარესაა, მეორე ბურჯი კი ძველი ხიდისაა და მანძილი ამ ბურჯებს შორის 15-20 მეტრია”, – აცხადებს მირიან ნიკოლაძე.

გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძა არ გამორიცხავს, რომ დაპატიმრებულთა რიცხვი შეიძლება, გაიზარდოს.

“ოჯახი საქმის კურსშია, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ გვაქვს სრული ინფორმაცია. არც იმას გამოვრიცხავ, რომ დაპატიმრებულთა რიცხვი გაიზარდოს. მე ყველაზე მეტად მაინტერესებს, გაჩნდება თუ არა საქმეში კიდევ ერთი მუხლი ბავშვის სიკვდილთან დაკავშირებით და ეს ბრალდება დაემატება თუ არა ახლა წაყენებულ ბრალს… ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, 17 პირი იქნება ბრალდებული თუ – 37, მთავარია, დამნაშავეები დაისაჯონ. მათ პასუხი უნდა აგონ უდანაშაულო ბიჭის სიკვდილისთვის”, – ამბობს მირიან ნიკოლაძე.

შეგახსენებთ, რომ საქმეში 17 პირია ბრალდებული. გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, ძალადობა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება.

ცნობისთვის, ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მყვინთავებმა ოთხდღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები