“საწვავის ხარისხის რეგულირების კანონმდებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ინიცირება საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს დღეებში მოხდება”

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 2020 წლის აპრილში საქართველოს მასშტაბით 29 ავტოგასამართი სადგურიდან აღებული საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის ხარისხი შემოწმდა.

როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დიზელის საწვავის 43 ერთეულ სინჯზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 14 სინჯში გოგირდის შემცველობა ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმას, ხოლო 1 ნიმუშში გადაჭარბებული იყო სიმკვრივის მაჩვენებელიც.

49 ერთეული საავტომობილო ბენზინის სინჯიდან 18-ში დაფიქსირებული ოქტანური რიცხვის მაჩვენებელი ასევე არ შეესაბამებოდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმას.

არსებული შედეგების გათვალისწინებით, გარემოს ზედამხედველობის სამსახურმა 2020 წლის მაისში ქვეყნის მასშტაბით 251 ავტოგასამართი სადგურიდან 252 ერთეული რეგულარის მარკის ბენზინის საწვავის სინჯი აიღო. ამ ეტაპზე ლაბორატორიული კვლევა მიმდინარეობს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ნელი კორკოტაძის განცხადებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აქტიურად ახორციელებს ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის კვლევას. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არსებული სანქციების მიუხედავად, დარღვევები არსებობს, შესაბამისად, კანონმდებლობის გამკაცრება აუცილებელია.

საწვავის ხარისხის რეგულირების კანონმდებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ინიცირება საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს დღეებში მოხდება.

ცვლილებები შედის როგორც სისხლის სამართლის, ისე – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.

კომპანია „ვისოლი“ მიესალმება ბოლო პერიოდში გატარებულ აქტიურ მოქმედებებს, რომელიც კანონდამრღვევი სუბიექტების მიმართ საჯარიმო სანქციების გამკაცრებას გულისხმობს.

„ვფიქრობ, დღეს განსაზღვრული საჯარიმო განაკვეთი არ არის ადეკვატური. კანონდარღვევაზე უნდა იყოს მეტი სიმკაცრე, რომ შემდგომში იმავე საქმიანობის განხორციელების სურვილი გაჩნდეს”, – განაცხადა „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხორავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები